6 ნოემბერს, 11:00 საათიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს. სასამართლომ ხვალ საარჩევნო საჩივრების განხილვა უნდა დაიწყოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დღეს, ჩვენი გამარჯვების დაბრუნების ბრძოლის ხაზი გადის სწორედ აქ, სააპელაციო სასამართლოსთან. დღეს აქ გადის ქვეყნის მომავლის გადარჩენის ბრძოლის ხაზი, ქვეყნის ევროპული მომავლის ხაზი და აქ გადის, მათ შორის, სიმართლის ხაზი. სიმართლე არის ქართველი ხალხის მხარეს, რომელმაც 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ევროპული არჩევანი გააკეთა, მაგრამ ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებითა და ბოროტად გამოყენებით, მიიტაცა თავისუფალი არჩევანი.
ეს უკვე დაამტკიცა თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, რომელმაც თქვა, რომ დიახ, დარღვეული იყო ფარულობის კონსტიტუციური პრინციპი და ადამიანები ვერ გამოხატავდნენ თავისუფალ ნებას. ამ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის საფუძველზე ჩატარებული არჩევნები უნდა გაუქმდეს“, - მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სააპელაციო სასამართლოსთან დღეს შეკრებულ მოქალაქეებს.
„ჩვენ აუცილებლად უფრო დიდი პროტესტით უნდა გამოვიდეთ და მხარი დავუჭიროთ, ვანახოთ, რომ ის სასამართლო, რომელიც ამ კედლებშია, არ არის საქართველოს სასამართლო, ის არის რუსული, საბჭოთა დაჭაობებული სასამართლო. ამიტომ ჩვენ პირდაპირ უნდა გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო გზავნილი ბიძინა ივანიშვილს, სისტემა დამპალია, თევზი თავიდან ლპება, ჩვენ ამ ჭიშკარს კი არ გავუკეთებთ დემონტაჟს, შენ გაგიკეთებთ დემონტაჟს, შენს ხალხთან ერთად, რომელიც ერთი რამით დაინტერესებული, რომ შეინარჩუნოს, ძალაუფლება, შეინარჩუნოს კორუფცია და ჩვენ თითქოს ცხვრების ფარა ვართ აქ და უნდა ვიცხოვროთ ამის ნება-სურვილზე. ასე არ იქნება. ბრძოლა იწყება ახლა, ყველა შემოგვიერთდით, გამარჯვება არის ჩვენს ხელში“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების მასობრივ დარღვევაზე დავობს და სააპელაციო საჩვრები შეტანილი აქვს ყველა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში. თავის მხრივ ცესკოს გასაჩივრებული აქვს პირველი ინსტანციის ერთადერთი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ფარულობის დარღვევა დადასტურდა. ცესკოს ასევე გასაჩივრებული აქვს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გორის საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.
აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი სააპელაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. მოსამართლეები ილონა თოდუა, დავით ახალბედაშვილი და გოჩა დიდავა საქმის განხილვას 14:00 საათზე დაიწყებენ.