„ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტია, მთავარი რისკფაქტორებიც ამას უკავშირდება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ დასჭირდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მხარდამჭერებთან გამოსვლის დროს ტყვიაგაუმტარი მინების მიღმა დგომა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
ირაკლი კობახიძემ არგუმენტად „უსაფრთხოების მომეტებული რისკები“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.
„თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები, იცით, რომ არის, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი, შესაბამისად, მთავარი რისკფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომლებიც იქნა დღეს მიღებული და რომლებსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური.
თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში, ეს ერთი, და იცით ასევე, რომ დღევანდელი ოპოზიცია, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი. მარტო წელიწადში 140 ადამიანს კლავდნენ ციხეებში, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ჩალის ფასი აქვს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს და, შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების ზომები“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეხვედრები მცხეთიდან დაიწყო. ღონისძიებაზე, სადაც ადმინისტრაციული რესურსიც იყო მობილიზებული, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა სიტყვით. ივანიშვილმა სპეციალურად მისი გამოსვლისთვის სცენაზე განცალკევებით დამონტაჟებული ტყვიაგაუმტარი მინებით შემოსაზღვრული ტრიბუნიდან ისაუბრა. ის საკუთარი პარტიის წევრებისგანაც იყო იზოლირებული, ხოლო სიტყვის დასრულების შემდეგ ხელი მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჩამოართვა და სცენა დატოვა.
ერთი თვის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებენ. სუს-ში არ დაუკონკრეტებიათ, როდის და რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
