საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მანამდე პროსამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“ იძიებს. სუს-ში არ დაუკონკრეტებიათ, როდის და რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან, გამოკითხვაზე იბარებს. აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომების ვეტერანმა, გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა 23 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ სუს-ის გამომძიებლის შეკითხვები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებაზე დაუსვეს. სუს-მა გამოკითხა უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე და ლაშა ჭიღლაძეც, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას მათ არ უთქვამთ, რომ შეკითხვები ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.
„კონტუზია მაქვს მიღებული, ჩამოვედი, რომ გამოვჯანმრთელდე და ტერორისტულ აქტს და რაღაცებს მაბრალებენ“, - განაცხადა გელა კახაბრიშვილმა. ჟურნალისტებტან საუბრისას მან ბრალდებებს სუსულელე და აბსურდი უწოდა. კახაბრიშვილის აზრით, ხელისუფლების მიზანი მებრძოლების დაშინებაა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებდა, თუმცა პროსამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საქმე 315-ე და 18-323-ე მუხლებით იყო აღძრული. საქმე გრიფით „საიდუმლოა“ და ადვოკატებს ხელი გაუთქმელობის ვალდებულებაზე აქვთ მოწერილი.
„თურმე, გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას, სხვა შანსი რომ აღარაფრის აღარ აქვთ, არჩევნების მოგებაზე აღარ არის საუბარი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, ის „შეიძლება იყოს ყველაზე პატარა თანამდებობის პირი, ვის მიმართაც რაღაცები იგეგმებოდა“.