საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეს იძიებს. გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ სუს-ის გამომძიებლის შეკითხვები სწორედ ამას ეხებოდა. აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომების ვეტერანი გელა კახაბრიშვილი ერთ-ერთია უკრაინაში მებრძოლ რამდენიმე ქართველს შორის, ვინც ბოლო პერიოდში სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„კონტუზია მაქვს მიღებული, ჩამოვედი, რომ გამოვჯანმრთელდე და ტერორისტულ აქტს და რაღაცებს მაბრალებენ“, - განაცხადა გელა კახაბრიშვილმა. ჟურნალისტებტან საუბრისას მან ბრალდებებს სუსულელე და აბსურდი უწოდა. კახაბრიშვილის აზრით, ხელისუფლების მიზანი მებრძოლების დაშინებაა.
„იყო საუბარი „ქართული ოცნების“ თანათავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე. არის საუბარი, თითქოს, რაღაც ამდაგვარი იგეგმება, თურმე იგეგმება საქართველოში ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება. შეიძლება იყოს ინფორმაცია, განცხადება, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ ძალოვანმა სტრუქტურებმა. ასეთ განცხადებაზე ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს. თუმცა, ეს არ უნდა იყოს გამოყენებული წინასაარჩევნოდ გარკვეული პოლიტიკური შეზღუდვებისთვის, განხვავებული აზრისა და სიტყვის თქმის გამო“, - თქვა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა .
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა პროსამთავრობო მედიამ წინა დღეებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საქმე 315-ე და 18-323-ე მუხლებით არის აღძრული, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებას და ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. საქმე გრიფით „საიდუმლოა“ და ადვოკატებს ხელი გაუთქმელობის ვალდებულებაზე აქვთ მოწერილი.
სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე და ლაშა ჭიღლაძეც, თუმცა, მათ არ უთქვამთ, რომ დასმული შეკითხვები ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.
როგორც ჭიღლაძემ განაცხადა, სუს-ში მიმდინარე გამოძიება „ყოვლად აბსურდული და შეურაცხმყოფელია თითოეული მებრძოლისთვის, ვისაც საქართველოსთვის აქვს ნაბრძოლი“.
„გვიბარებენ სულელური მუხლებით - ტერორისტული აქტები, სახელმწიფოს გადატრიალება. ერთი დანაშაული გვითხრან, რომელიც იქიდან [უკრაინიდან] ჩამოსულმა ბიჭებმა ჩაიდინეს. არ არსებობს და არც იარსებებს. ერთი წლია ქვეყანაში ვიმყოფები, ვიმკურნალე, ორჯერ კონტუზირებული ვარ. რა ტერორისტული აქტი? რა გადატრიალება? ამას გვეძახიან რუსები, რომ ტერორისტები ვართ ქართველი მებრძოლები“, - თქვა ჭიღლაძემ.
სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა ვაჟა ცეცაძე და კონსტანტინე ჯღამაიაც. ისინიც უკრაინაში იბრძვიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო წლებში არაერთხელ გააკეთა განცხადება ხელისუფლების დამხობის გეგმების შესახებ. 8 მაისს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე, სუს-მა განაცხადა, რომ არსებობდა „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების“ საფრთხე. „დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი“, - თქვეს მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. მანამდე, 2023 წლის ოქტომბერში სუს-მა მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების დამხობის გეგმების შესახებ განაცხადა. სუს-ის თანახმად, ოქტომბერ-დეკემბერში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირების ჯგუფი, საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.