„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ წინადადების წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ „გლობალურმა ომის პარტიამ“ დიდი ბრიტანეთი „თავის მორიგ სათამაშოდ აქცია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 4 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 5 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
13 იანვარს „ლიბერალ დემოკრატებიდან“ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკლირმა თემთა პალატაში წარადგინა წინადადება, რომლითაც დაგმობილია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლი „საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში“ და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი. წინადადების მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება და ამ დროისთვის მას ხელს 15 პარლამენტარი აწერს.
„ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება.
გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა.
[...] უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან“ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც „ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა“.
„დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს.
თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა“, - აცხადებენ ბიძინა ივანიშვილის პარტიის პოლიტიკურ საბჭოში.
ჯეიმს მაკლირის ინიციატივის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა უნდა მიბაძოს შეერთებულ შტატებს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა და „იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის“.
პარლამენტში ამ წინადადების წარდგენას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება.
