პარტია „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას სიძის კომპანიამ, შპს „ლაგი კაპიტალმა“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. შიდა ქართლის რეგიონში, გორსა და ხაშურში ოთხი საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობისთვის კომპანია 20 611 989 ლარს მიიღებს. „ლაგი კაპიტალი“ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
შპს „ლაგი კაპიტალის“ წილის 50%-ს შპს „ჯე5“ ფლობს, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დის მეუღლემ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა დააფუძნა და მისი 100%-იანი წილის მფლობელია. „ლაგი კაპიტალის“ წილების 25-25% ლაშა გრიგალავა (შპს „ლაშა 1987“) და გიორგი ლომიტაშვილი (შპს „ურბანიქსი“) ფლობენ. კომპანიის დირექტორი ბესარიონ დანელიაა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკოლები უნდა ააშენოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში (120 მოსწავლე), ხაშურში - N4 საჯარო სკოლა (500 მოსწავლე), ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში (120 მოსწავლე) და ქვიშხეთში (30 მოსწავლე).
შესყიდვის სავარაუდო ბიუჯეტი 22 213 386 ლარი იყო, თუმცა ხელშეკრულების ღირებულებად 20 611 989 ლარი განისაზღვრა. ამ ეტაპზე კონტრაქტის მომზადება მიმდინარეობს.
შპს „ლაგი კაპიტალი“ კიდევ ორ ტენდერში მონაწილეობს და ორივე შემთხვევაში ერთადერთი პრეტენდენტია. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 5-5 მილიონიანი ტენდერები ოზურგეთის ოთხ და ჩოხატაურის ამდენივე სოფელში საბავშვო ბაღების პროექტირება/მშენებლობას ეხება.
ამ ტენდერებში „ქართული ოცნების“ დეპუტატის სიძის კომპანიის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა. რეპორტაჟს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავად ზარქუა გამოეხმაურა. მან ახლობლებსა და მეგობრებს მოუწოდა, ვისაც გამოცდილება აქვთ, ტენდერებში მონაწილეობა თამამად მიიღონ.
„ალექსანდრე ამისულაშვილს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ღირსეულად ატარა ეროვნული ნაკრების მაისური, ეროვნული დროშა, ყველა იცნობს, ვინ რას წარმოადგენს. ეტყობა ძველი რეჟიმის დროიდან ჰგონიათ, რომ ეს ასე ხდება. ადამიანი თავისი შრომით, ჯაფით, კაპიტალით სამშენებლო თემებშია და რადგან ზარქუას სიძეა, თურმე უნდა გახდეს ბულინგის მსხვერპლი.
ეს არის თქვენი სტანდარტი. გეგონათ, თავის მართლების რეჟიმში გადავიდოდი. არა ბატონებო, პირიქით, მე მოვუწოდებ ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს, უბნელს, ჩემს თბილისელებს, ჩემს წალენჯიხელებს, ვისაც გაქვთ კაპიტალი, გამოცდილება, შესაძლებლობა, რომ ღია, გამჭვირვალე ტენდერებში მიიღოთ მონაწილეობა, თამამად გააკეთეთ ეს იმიტომ, რომ მეტი სკოლა და ბაღი უნდა აშენდეს, მეტი სპორტკომპლექსი, ღირსეულად და ხარისხიანად“, - თქვა ირაკლი ზარქუამ.
„ლაგი კაპიტალის“ დირექტორმა, ბესარიონ დანელიამ ჟურნალისტს უთხრა, რომ კომპანიამ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერი პირველად მოიგო. კომპანიას წარდგენილი აქვს სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების გამოცდილების შესახებ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2018-2022 წლებში „ლაგი კაპიტალმა“ თბილისში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე სამი საცხოვრებელი ბლოკი ააშენა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება 45 214 650 ლარი იყო.