პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიები არასამთავრობო სექტორის გავლით უკანონოდ ფინანსდებიან, რაც გამჭვირვალე არ არის. მისი თქმით, 2023 წლის მარტში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღება, ქართველ ხალხს მეტის ცოდნის „უფლება წაართვეს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„არსებობს პარტია „დროა“, არსებობს NGO „დროა“. შეხედეთ აბა მათ კავშირს ერთმანეთთან: ერთი ადამიანია დამფუძნებელი, მის პირად მისამართზეა რეგისტრირებული და ყველაფერი ერთია. იღებს თუ არა უცხოურ დაფინანსებას? იღებს არასამთავრობო ორგანიზაცია. რას ხმარდება ეს ფული? პარტიას. დაშვებულია საქართველოში უცხოური დაფინანსება პარტიისთვის? არ არის დაშვებული. არის ეს კანონის დარღვევა? არის. არის ეს გამჭვირვალე? არა. არის ეს პრობლემა? დიახ, ეს პრობლემაა. მაშინ, მარტში, ქართველ ხალხს წაართვეს უფლება, სცოდნოდა მეტი მათ შესახებ, ვინც ჩართული არიან ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათზე, ადამიანებზე გავლენას ახდენს. ქართველ ხალხს დაუმალეს ეს ინფორმაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა დღეს, პარლამენტში გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციაში ფინანსების მოსაზიდად არასამთავრობო ორგანიზაციების „სქემების“ შექმნა ძალიან პოპულარულია, თუმცა ქართული სახელმწიფოს ინტერესებში ეს არ შედის.
„დაფინანსება საიდან არის? უცხოეთიდან, ხომ? ჯერ ერთი, აკრძალულია და მეორე, რომელი ქართული პოლიტიკა უნდა გატარდეს უცხოური დაფინანსებით პარტიებში? ყველა ქვეყანაში პარტიების უცხოური დაფინანსება აკრძალულია. როდის ხდება იცით ეს პრობლემა? რატომ ვერაფერს ამბობთ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით? არის ქვეყნები, რომელთაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველომ ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს. ქართველი ხალხის ინტერესში ეს არ შედის. რატომ ხართ ჩუმად? იმიტომ, რომ დაფინანსების იმ სქემებში ხართ, იმ ქვეყნებიდან დაფინანსების, რომელთაც ინტერესი აქვთ, რომ საქართველომ დააწესოს სანქციები.
ეს არის პრობლემა, ეს არის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე უცხოური ფულის მეშვეობით და ამას უნდა შეეშვათ. გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას. ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს, ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა“, - თქვა პაპუაშვილმა.
„გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა დაადასტურა, რომ პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ფინანსდებიან.
„მაგრამ ვინ მოაწყო სრულიად კატასტროფილი პარტიების დაფინანსების წესი, რომელსაც თქვენივე პარტიაც კი არ იცავს?“, - მიმართა რაქვიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს. „რაღა იმას მიადექით, რომ NGO-ებს იყენებს ზოგი პარტია იმისთვის, რომ პარტია დააფინანსონ. მიდით, იმას მივადგეთ, რომ პარტიების დაფინანსების წესი ყოფილიყო წესიერი. რამდენი ფიქტიური შემომწირველი ჰყავს თქვენს პარტიასაც, 60-60 ათას რომ სწირავენ? თქვენ თვითონ მოაწყვეთ ისეთი წესრიგი, სადაც პარტიების დაფინანსება ლეგალურად შეუძლებელია და მერე ებრძვით იმას, რომ რომელიღაც პარტიამ, „დროამ“, NGO გააკეთა. ეს ყველაზე ნაკლები დანაშაულია სამყაროში, ჩემი აზრით“.
მხოლოდ 2023 წლის მეოთხე კვარტალში „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულებების სახით 9 464 000ლარი მიიღო. ეს მაშინ, როდესაც ყველა ოპოზიციური პარტიების შემოწირულებებმა ჯამში 699 787 ლარი შეადგინა. მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა 11-მა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო. „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ 26 კომპანიას სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში, 2017-2021 წლებში, ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვს მიღებული, ხოლო 2021-2022 წლებში, რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 5 კომპანიას - 18 მილიონ ლარამდე.