2023 წლის მეოთხე კვარტალში „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულებების სახით 9 464 000ლარი მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია. ოპოზიციური პარტიების შემოწირულებებმა ჯამში 699 787 ლარი შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ოპოზიციური პარტიების შემოწირულებები ასეთია: „ლელო საქართველოსთვის“ – 330 305 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 241 091 ლარი, შოთა შალელაშვილის პარტია „თაობები საქართველოსთვის“ – 101 789 ლარი, „საქართველოსთვის“ – 7665 ლარი, „ევროპელი სოციალისტები“ – 5450 ლარი, „ხალხისთვის“ – 5300 ლარი, „კონსერვატიული მოძრაობა“ – 2875 ლარი, „ელენე ხოშტარია - დროა“ – 2504 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2371 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 438 ლარი.
პარტიების შემოწირულებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა. როგორც გაირკვა სამ თვეში „ქართულ ოცნებას“ 284-მა პირმა შეწირა თანხა, სხვა ყველა პარტიას კი სულ 130-მა.
მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა 11-მა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო. ამავე კომპანიებს 2013 წლიდან 1.7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული.
მაგალითად, სამშენებლო კომპანია „ანაგთან“ დაკავშირებულმა რვა პირმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 425,000 ლარი შეწირა, ამავე პერიოდში კი კომპანიამ 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი მოიგო. შპს „გზის“ 100%-იანი წილის მფლობელმა გიორგი ჭყონიამ და კომპანიის დირექტორმა მალხაზ დუმბაძემ „ქართულ ოცნებას“ 13 და 15 ნოემბერს ჯამში 75 000 ლარი შეწირეს, „გზამ“ კი ამავე პერიოდში ექვსი ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური ღირებულებაც 175 მილიონი ლარი იყო.
ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, პარტია „ლელოსთან“ დაკავშირებულ სამ კომპანიას, შპს „ვაზისუბნის მამულს“, შპს „ჩოქოსვის“ და შპს „ეკოლარს“ ჰქონდათ მიღებული ექვსი კონტრაქტი ჯამური ღირებულებით 14 980 ლარი.
„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული 26 კომპანიას სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში, 2017-2021 წლებში, ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2022 წლებში, რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, ხუთ კომპანიას - 18 მილიონ ლარამდე.
მაგალითად, ზურაბ ჩხაიძესთან დაკავშირებულმა ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიამ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2017-2021 წლებში შეღავათიანი აგროკრედიტით 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო რთველის სუბსიდირების ფარგლებში - 7 მილიონ ლარამდე. ჩხაიძემ 2023 წელს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შეწირა, ხოლო სულ მმართველი პარტიის სასარგებლოდ 240 000 ლარი აქვს გაღებული.
მმართველი პარტიის სასარგებლო შემომწირველებს შორის გამოიკვეთა სამთომომპოვებელ კომპანია „რიჩ მეტალ გრუპში“ (RMG) დასაქმებული 19 პირი, რომლებმაც ოქტომბერ-ნოემბერში „ქართული ოცნებას“ ჯამში 524 000 ლარი შეწირეს, სულ კი ამ პირებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1.6 მილიონ ლარზე მეტი აქვთ გაღებული. შემომწირველებს შორის იყვნენ, როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი (შპს „არემჯი გოლდის“ და სს „არემჯი კოპერის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონდო შუბითიძე), ისე RMG ჯგუფში შემავალი კომპანიების სხვა, საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომლებიც.
„მსხვილი ბიზნეს ჯგუფების დირექტორებისა და პარტნიორების გარდა, ხშირად მმართველი პარტიის დონორები კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და ა.შ. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფიქტიური დონორები არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც კანონდარღვევაა.
ასეთი პრაქტიკა გამოიკვეთა RMG ჯგუფთან, „ანაგი“ ჯგუფთან, „ალიანსი“ ჯგუფთან, „ნექსთი“ ჯგუფში დასაქმებულ დონორებთან დაკავშირებით. ფიქტიური შემოწირულების ეჭვს აჩენს აგრეთვე დროის მცირე ინტერვალში ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწირულებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა შპს „ლილო-მოლთან“ დაკავშირებით, როდესაც კომპანიის წვრილმა მეწილეებმა ერთსა და იმავე დღეს მსხვილი თანხები შეწირეს მმართველ პარტიას“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.
2023 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით აიკრძალა იურიდიული პირების მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ცვლილება მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და ვერ აღმოფხვრის მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის არსებულ დიდ ფინანსურ უთანასწორობას.