„ქართული ოცნების“ პარლამენტში დღეს, 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესია გაიხსნა. პირველი სხდომა, რომელზეც მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, 28 წუთში დასრულდა. მის გარდა სიტყვით არავის უსარგებლია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
ყაველაშვილმა თავის 21-წუთიან გამოსვლაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული გზავნილები გააჟღერა. მას სიტყვა ტაშით 14-ჯერ შეაწყვეტინეს.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი მიიღონ.
„26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა; უარი უთხრა ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობასა და თვითმყოფადობას [...]
ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ გახდა უსამართლო თავდასხმის სამიზნე. ჩვენს სახელმწიფოს მოუწია დანის პირზე სიარული, გაუძლო არაერთ ზეწოლას და იმოქმედა მტკიცედ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით, რამაც, საბოლოო ჯამში, მოგვცა შესაძლებლობა, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და გადაგვერჩინა ქვეყანა უპირობო განადგურებისგან“, – განაცხადა ყაველაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს „განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა“.
„კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. საფრთხე კვლავაც მაღალი იქნება, ვიდრე არ დასრულდება, ჩემი აზრით, უკრაინაში ომი და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეგვიძლია, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ის აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ „დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში“.
„მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი. სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება – სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე,
ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ასეთი თანხვედრა მაძლევს ღრმა რწმენის საფუძველს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა.
მან ქვეყნის ევროპელ პარტნიორებს უსამართლო თავდასხმებსა და ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი, აღნიშნა, რომ ეს „ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას“.
ყაველაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა „წარმატებით გრძელდება“ და „ამ მიმართულებით მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ“. მან საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა. ასევე, მოკლედ შეეხო დემოგრაფიულ პრობლემას და თქვა, რომ „მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე“.
„სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობის მაღალი დონე არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც განსაკუთრებით გვაახლოებს ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებთან. ეს არის გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.
მჯერა, ჩვენ მალე შევძლებთ, ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელებთ ბედნიერ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა არაერთხელა ახსენა „ხელოვნური პოლარიზაცია“, გამოსვლის ბოლოს კი თქვა, რომ ამ „პროცესში აქტიურად იყენებენ არაერთ გულწრფელ და გულანთებულ ახალგაზრდას“.
„კარგად მახსოვს ჩემი თავი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვიცი, რამდენად მოჭარბებულია ემოციები ამ პერიოდში, რამდენად იმპულსური, მეამბოხე და ფეთქებადი ხარ, როგორი მძაფრია შეფასებები და განწყობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ მსგავს ემოციებზე თამაშობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. [...] ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ, ქართველები, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები“, - თქვა ყაველაშვილმა.
გამოსვლის დასასრულს მან აღინიშნა, რომ „განსხვავებულობის მიუხედავად, მოგვიწევს, გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება“.
„ამიტომ უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზეს საკუთარ თავში, მოვახერხოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სხდომის პარალელურად, პარლამენტთან ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს.