პარლამენტის შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე, ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე, პოლიციელებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. სავარაუდოდ, დაკავებულია აქციის ორი მონაწილე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეკრებილ მოქალაქეებს, რომელთა უმრავლესობა ჟურნალისტი იყო, აწვებოდნენ, ხელს კრავდნენ და მიათრევდნენ. პოლიციელებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაარტყეს და თმაზე მოქაჩეს „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ნათია ლევერაშვილს, ასევე, ძირს დააგდეს news.on.ge-ის მთავარ რედაქტორი ვანცენტ ხაბეიშვილი.
„სრულიად მოულოდნელად მოგვაწვდნენ, ისე, რომ არავის აუხსნია, რატომ არ შეიძლებოდა ტროტუარზე დგომა. გვაწვებოდნენ, გვირტყამდნენ, ნიღბიანმა ჩვენს ჟურნალისტს ჩაარტყა. ეს გააკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურდათ, გზის მეორე მხირდან საპროტესტო შეძახილები მოესმინათ ამ პარლამენტში შემავალ კაცუნებს. როგორც ჩანს, ტროტუარზე დგომაც ისჯება. კანონებით და ქცევით ეს ქვეყანა უკვე არის რუსეთი და ბელარუსი. არ ვაპირებთ რეჟიმის დღის წესრიგის მიღებას, ჩვენ ვიხმაურებთ მანამ, ვიდრე მზია არ იქნება თავისუფალი“, - თქვა „პუბლიკის“ რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
აქციის ზოგიერთი მონაწილის თქმით, შსს-ს წარმომადგენლებს ჟურნალისტების დაკავებაც სურდათ.
„როცა მზია ჰყავთ უკანონო პატიმრობაში, 23 დღეა შეიმშილობს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ შიმშილობას მოჰყვება სიკვდილი, ასეთი ჰუმანურობისგან დაცლილი პირებისგან, მათი დავალებით მოქმედი საპოლიციო უწყებებისგან რა უნდა გაგიკვირდეს?! ჩემს თვალწინ on.ge-ის მთავარ რედაქტორი, ვანცენტი გააგორეს მიწაზე და კინაღამ თავი დაარტყა... თავი რომ დაარტყა შესაძლოა მძიმე შედეგი დამდგარიყო. გამეტებით სცემენ და უტრტყამენ ადამიანებს, იჭერენ და კიდევ სცემენ, რათა ბოლომდე დანერგონ შიში ამ ქვეყანაში, რომ ვერავინ გაბედოს გარეთ გამოსვლა და რამის გაპროტესტება“, - აღნიშნა „მთის ამბების“ დამფუძნებელმა, გელა მთივლიშვილმა.
საპროტესტო აქცია არალეგიტიმური პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მოხსენების პარალელურად გაიმართა.
საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან დილიდან დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. შენობაში შესვლის და მუშაობის საშუალება არ მიეცათ ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლებს.
დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების - „ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 24-ე დღეა, ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან მისი ქმედება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამაღლობელის კოლეგები და ადვოკატები პროკურატურას უშედეგოდ მოუწოდებენ, მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.
