„არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი. მარტო პარტაქტივისტები არიან დაჭერილები, „ნაცები“. ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი და როგორც პარტაქტივისტები, ისე არიან დაჭერილები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის, ასევე, ონლაინგამოცემების „ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
რუსთაველის გამზირის გადაკვეთის საბაბით, ვახო სანაია 19, ხოლო ქეთა ციცქიშვილი 20 სექტემბერს დააკავეს. „ქართული ოცნების“ მიერ გასულ კვირაში მიღებული მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მათ 6 და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. რაც შეეხება მზია ამაღლობელს, ის უკვე 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
კობახიძემ დღეს მედიასთან განაცხადა, რომ დაკავებული მომიტინგეების მიმართ ჯარიმის ნაცვლად პირდაპირ პატიმრობის გამოყენება ეფექტური და პროპორციული ზომაა.
„ჩვენ ვხედავდით, რომ ჯარიმები არ იყო საკმარისად ეფექტური. კანონის და საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ შეიძლება ადამიანებმა გადაკეტონ ქუჩა, თუ ამას არ მოითხოვს მათი რაოდენობა. არ შეიძლება 50-მა კაცმა იძალადოს 3 700 000 ადამიანზე. ჯარიმები არ ჰყოფნიდა იმას, რომ ამ ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებს არ ეძალადათ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. რაც არ იყო ეფექტური, ის ჩანაცვლდა ეფექტური ზომით. ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდეგ სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით პატიმრობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 17 ოქტომბერს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლითაც საპროტესტო აქციების გამართვა კიდევ უფრო იზღუდება და მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს.
აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
- სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
- გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
- ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
- დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
ჩამოთვლილი ყველა ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის განცხადებით, სახელმწიფოს შეუძლია საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად საპროტესტო აქციებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი ცვლილებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს გაცილებით სცდება.
