„ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება“, - განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ მას შემდეგ, რაც ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდენენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
დოლიძის თქმით, ეს ოპოზიციის ერთ-ერთი შეთავაზება და მხარდაჭერის ფორმაა, რომელიც „იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი“. შეკითხვაზე, იქნება თუ არა 29 დეკემბრამდე რაიმე ნაბიჯები, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ წინასწარ იმის თქმა, თუ რა მოხდება, კონტრპროდუქტიულია.
„ბიძინა ივანიშვილს ჩვენ ვერ მივცემთ საშინაო დავალებას, რომ ყველაფერი უფრო ადრე მოიფიქროს.
ჩვენ, პარტიები, ვინც ვართ, მზად ვართ, რომ მასთან [პრეზიდენტთან] ერთად ვიყოთ ამ ბრძოლაში, გავრისკოთ ნებისმიერი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გავიზიაროთ. ამის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი.
ეს არის მიმდინარე პროცესი. მიდის მუშაობა ბევრ საკითხზე, ეს არის ერთ-ერთი საკითხი“, - განაცხადა დოლიძემ.
კოალიცია ცვლილებებისთვის წევრის, ნიკა გვარამიას თქმით, პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის მხარდაჭერა „ძალიან მასშტაბური იქნება“ და მისი გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყევლაფერი.
„ანას წინადადება იყო და მხარს ვუჭერ სრულიად, რაც ანამ თქვა“, - დასძინა გვარამიამ.
პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ ორბელიანების სასახლეში ყოფნა ლეგიტიმაციას არ ნიშნავს.
„ეს გეოგრაფიის მიხედვით არ არის. ქალბატონი სალომეს პოსტი ლეგიტიმურია იმიტომ, რომ აირჩია სრულიად საქართველომ და იცავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. მას ვერ ჩაანაცვლებს არალეგიტიმური პრეზიდენტი, თუნდაც მან დაიკავოს ორბელიანების სასახლე“, - განაცხადა ძიძიგურმა.
29 დეკემბერს, კვირას, არალეგიტიმურ პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციაა დაგეგმილი. საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი ყაველაშვილის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად დარჩება და მისი „მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი“, რომელიც მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.
არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილს დაპატიმრებით დაემუქრა და თქვა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება 29 დეკემბრის შემდეგ ორბელიანების სასახლეში დარჩენა.
ამ თემაზე:
ჩემმა წინაპრებმა დატოვეს ეს ქვეყანა რუსული ოკუპაციის გამო, მე ამას არ ვაპირებ - ზურაბიშვილი