პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული საზოგადოებრივი მოძრაობის - „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივაზე, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან ერთად, მათი ამომრჩევლის მხილებასა და გასამართლებას გულისხმობს. კობახიძის თქმით, ეს იდეა მმართველი პარტიის მხრიდან „ვერ იქნება აქტიურად განხილული“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„რაც შეეხება პარტიების გასამართლებას, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ პირველ რიგში. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოში დასრულდეს ის ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი. თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, რისთვისაც ჩვენ შესაბამის პროცედურებს დავიწყებთ არჩევნების შემდეგ აუცილებლად, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება.
ეს პოლიტიკური ძალა, ეს პოლიტიკური პარტიების ერთობლიობა მუდმივად იქნება დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე და ჩვენი ქვეყნის გაძლიერების გზაზე.
რაც შეეხება ამომრჩეველს, მე ვერ განვიხილავ ასეთ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი არჩევანის გამო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება განხილული ათი ათასობით ადამიანის გასამართლების საკითხი. ჩვენ ამაზე ვერც ფიქრს ვერ დავიწყებთ და რა თქმა უნდა, ეს იდეა ჩვენი მხრიდან ვერ იქნება აქტიურად განხილული“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მოძრაობა „ნეიტრალურ საქართველოში“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და ამავე პარტიის მხარდამჭერი ვატო შაქარაშვილია, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება. მათი თქმით, დაახლოებით 300 000 ადამიანი „წლებია აცოცხლებს დამნაშავე პოლიტიკურ ძალებს“.
„რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა“, - განაცხადეს დღეს ორგანიზაციაში.
ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლისთავზე „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 მანდატის მოპოვების შემთხვევაში, წამოიწყებს სამართლებრივ პროცესს, „რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება“. მმართველი პარტია ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ თითქმის ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მოიაზრებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, აპირებენ ისეთი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, როგორებიცაა „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო“ და „გახარია - საქართველოსთვის“.
