„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი. ხაბეიშვილმა თქვა, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს და მის მიმართ მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ განახორციელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
„გახსოვთ ხომ „ხარება“... ეს იყო მისი მხრიდან სადამსჯელო ღონისძიება, ივანიშვილის დავალება შეასრულა, ჩემზე თავდასხმა მოაწყვეს. სასაცილოა ეს ხალხი, ვინც ეს იკადრა. როდესაც ერთ ადამიანს ამდენი სპეცრაზმელი უსწორდება, ძალიან მძიმე საყურებელია. ბატონო ბიძინა შემომხედეთ, თქვენ მოარტყით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ძალიან მძიმედ დაასრულებთ“, - თქვა ხაბეიშვილმა. ის ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
ლევან ხაბეიშვილმა მომხდარის დეტალებზე არ ისაუბრა. შეკითხვაზე, რამდენი სპეცრაზმელი მონაწილეობდა მასზე თავდასხმაში, განაცხადა, რომ „ასეულობით, ყველა“.
„იმედია, თვალი შემრჩება. ეს იყო კონკრეტული დავალება. შეასრულეს, არაუშავს. ასი ერთზე მაგრები არიან. კარგად ვიქნები, ყველაფერი კარგად იქნება. ბევრად მნიშვნელოვანი ბრძოლა გვაქვს საქართველოს გადასარჩენად. ეს მოხვდა ყველას, ვისაც არ უნდა რუსეთის გუბერნიაში ცხოვრება, ვისაც ევროპული მომავალი უნდა. იმედია, რამდენიმე საათში ფეხზე ვიდგები“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
ხაბეიშვილის ცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარე „ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს“ იმ დროს, როდესაც ის აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავდა, უზრუნველეყო ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა იგი.
ოპოზიციონერი დეპუტატის ცემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
30 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის პარალელურად, თბილისში აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, მათი ნაწილი კი მივიდა პარლამენტის შესასვლელებთან, საიდანაც სესიის დასრულების შემდეგ რუსული კანონის ავტორი და მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ დეპუტატები უნდა გამოსულიყვნენ. განსაკუთრებულ დაავალებათა დეპარტამენტის და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მშვიდობიანი აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ძალოვანები ახალგაზრდებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. იოსელიანი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა.
რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან. 17 აპრილს, 83-მა დეპუტატმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
რუსული კანონის წინააღმდეგ 15 აპრილიდან თბილისში ყოველდღე იმართება ხალხმრავალი საპროტესტო აქციები. 28 აპრილის დემონსტრაციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.