პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას გამორიცხავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„პარლამენტის მიერ ამნისტიის მიღება ამ თემაზე არის გამორიცხული. ამნისტია არის ისეთი კანონი, რომელიც უნდა შეეხოს პირთა აბსტრაქტულ წრეს. არ შეიძლება ერთ ადამიანს მოერგოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს და გამორიცხულია, რომ ერთ კაცს მოვარგოთ ამნისტიის კანონი. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ცხრა ათასივე პატიმარი რაღაც დოზით თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ „ჰუმანიტარული მოსაზრებებით მათი გათავისუფლება გამორიცხულია“.
„ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენი ადამიანიც გაამწარა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც. ამდენი ადამიანი დღეს ამ ცხრა ათასიდან არცერთ პატიმარს არ გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი? პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია“, - აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ თქვა, რომ თეორიულად შეიძლება, პარლამენტი შეიკრიბოს და ამნისტიის კანონი მიიღოს, რაც „ქართული ოცნების“ ხელთ არსებული ერთადერთი პოლიტიკური ბერკეტია სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით „ქართველ ხალხს ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა მიესაჯა“. ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის შეწყალებით სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, 2022 წლის მაისიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ-ის ან/და ევროკავშირის კლინიკაში.