პირველი აგური დადებულია - ბჟანია ბელარუსის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ეს იყო ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელ აფხაზეთში. ამ ვიზიტზე ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ. დარწმუნებული ვარ, ის იმპულსს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთაში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბელარუსის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების თაობაზე შეკითხვას ბჟანიამ ასე უპასუხა:

„თავად ის ფაქტი, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ჩამოვიდა აფხაზეთში, ბევრს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩვენი ურთიერთობები ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ აქამდე [აღიარებამდე] მივალთ. არ მინდა, წინ გავიქცე, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია. ფაქტი მომხდარია. შეხვედრით კმაყოფილი ვარ“.

ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს, 28 სექტემბერს ჩავიდა, სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ლუკაშენკოსა და ბჟანიას შორის შეხვედრა გაიმართა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე, რომლის გადაცემასაც რუსეთი ითხოვს. როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, ბელარუსს აფხაზეთთან „ძალიან სერიოზული ურთიერთობების“ დამყარება სურს.

„აფხაზეთი არსებობს, მას რუკიდან ვერ წაშლი. ვერანაირი სანქციები ამას ვერ შეძლებს“, – უთხრა ბჟანიას ლუკაშენკომ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა. სამინისტრომ ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში ლუკაშენკოს ჩასვლისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე. გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო მიუთითებს, რომ ლუკაშენკო აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით შევიდა და ბელარუსის მხარეს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა: „მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საერთაშორისო სამართალთან, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებთან“.

ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ „ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“.

ექსპერტების მოსაზრებით, აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლა, შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს.

ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, თუ პუტინი ეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.