პოლიციელის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, ციხიდან ვერავინ გამოიყვანს - პრემიერი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„არ მაინტერესებს არც მისი თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. აი, ეს დაიმახსოვრეთ ყველამ“, - განაცხადა საქართველოს პემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ მარტში გამართული აქციების დაკავებული მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

30 ივნისს, პარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს, ღარიბაშვილმა სასამართლოს განაჩენის მიღებამდე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, ლაზარე გრიგორიადისი კიდევ ერთხელ გამოაცხადა დამნაშავედ.

„გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა. არ მაინტერესებს ვინც არის. ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი, უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ.

ახლა გამოვიდნენ და დაიცვან. რატო არ იცავენ?! რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან?! ვერავინ ვერ გამოიყვანს, ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს.  რა შუაშია თმის ფერი, რა შუაშია ვინმეს ორიენტაცია. ჩვენ ეს არ გვითქვამს ამ კონტექსტში. აქ რამდენჯერმე გამოვიდნენ სხვები და თქვეს, სატანისტები ეძახა ახალგაზრდებსო. ეს არის დიდი ტყუილი. მე ვთქვი შემდეგი რაღაც და ამაზე პასუხისმგებელი ვარ: რამდენიმე ახალგაზრდა მეთქი, ამოწიეთ ჩემი ინტერვიუ და გაძლევთ სიტყვას, ასე იყო, მართლა დავინახე მე, გავეცანი მასალებს პოლიციიდან და საგამოძიებო სამსახურებიდან., ჩვენ თვითონ დავინტერესდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რაღაც გაუგებარი ფორმებით და ა.შ.. გავარკვიეთ, რომ არსებობს ასეთი სექტები და გარკვეული ტვინარეული, გზააბნეული ერის შვილები, დავარქვათ ასე, მაინც და მაინც, მარტივად რომ გითხრათ. ეს ახალგაზრდა შეიძლება ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო. არ მაინტერესებს ახალგაზრდაა, ძველგაზრდაა, ვინ არის. არ მაინტერესებს არავინ საერთოდ.  მე მთავარი გითხარით და დაიმახსოვროს ყველამ კარგად, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქაოსს და ანარქიას“, - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, მარტის აქციებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ბოლომდე გაგრძელდება.

„ჩვენ ვაკვირდებით ყველას და ყველაფერს... ეს ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, „ფრანკლინის კლუბი“ დაარქვეს, რეალურად იყო ლევან რამიშვილის კლუბი, „კმარას“ კლუბი, რომ ახალგაზრდას ასოციაცია გაუჩნდეს ამერიკასთან და ბენჯამინ ფრანკლინთან. ესეც ხომ მორიგი ფანდი იყო?! სად არის დღეს ფრანკლინის კლუბი? სად არიან ანარქისტული ორგანიზაციები? რატომ არ აქტიურობთ და რატომ არ იცავთ, რომ გამოიყენეთ და მიაგდეთ შემდეგ ეს ახალგაზრდები. ხომ ვიცი ზუსტად, რომ გამოიყენეს ეგ ახალგაზრდაც, სხვებიც, ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილები“. ჩვენ ჩატები გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს. თქვენ რა გგონიათ, აქ ვიღაცები რაღაცას გეგმავენ და ჩვენ არაფერი ვიცით? ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლქვეშაა, როცა საქმე ეხება უკანონო საქმიანობას“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ოპოზიციონერი დეპუტატის რეპლიკის საპასუხოდ დაამატა, რომ ჩატები გამოძიების ფარგლებში გახსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება ედება. საქმის მასალების მიხედვით, 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ლაზარე გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“, რის შედეგადაც ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო. გარდა ამისა, როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შსს-ს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ავტომობილის დაწვით სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. პროკურატურამ მტკიცებულების სახით აქციებზე გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ კადრებში ასახული ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისია.

ამჟამად ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდებულია დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაადასტურებდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.