პოლონეთის რესპუბლიკის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ. პოლონეთის სენატი კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, იგივე გადაწყვეტილება მიიღონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სენატის ინფორმაციით, სენატორებმა აღნიშნეს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ გაჩაღებული სასტიკი ომის მიზანი სუვერენული ქვეყნის რუკიდან გაქრობა და უკრაინელი ერის განადგურებაა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საკუთარი დამოუკიდებლობის გმირულმა დაცვამ მთელი თავისუფალი სამყაროს აღფრთოვანება გამოიწვია.
„უკრაინა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. რუსულ ფორმაში გამოწყობილი ბანდიტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწამებენ და კლავენ სამხედრო ტყვეებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს. ისინი იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს იმისთვის, რომ რეჟიმის იანიჩარებად გაზარდონ. ისინი უკრაინის მოქალაქეებს დეპორტაციას უკეთებენ, ასახლებენ და გზავნიან რუსეთის შორეულ პერიფერიებში.
სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ეს აქტი ჩვენთვის კარგად არის ნაცნობი ისტორიის სახელმძღვანელოებიდან. ევროპელებს სწამდათ, რომ მათ აღარასოდეს დაემუქრებოდნენ გენოციდითა და ომის დანაშაულებით. ამასობაში, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ძალადობის მანქანა დაუბრუნდნენ სტალინური და ნაცისტური რეჟიმების სასტიკ პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, რუსეთი უნდა დამარცხდეს და ჩამოერთვას საკუთარი მეზობლებისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობა“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
სენატი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.
სენატორებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსული აგრესიის პირობებში, ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციებს შორის განსხვავება არ არის. „ჩვენ ყველანი ვართ შვიდობიანი პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებმაც რუსულ იმპერიალიზმს საუკუნეების წინ ცალსახად და მტკიცედ უთხრეს და დღესაც ეუბნებიან: არა!“, - თქვა სენატორმა მიჰაუ კამინსკიმ.
13 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეამ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა დააჩქარონ, რუსეთის მოქმედი რეჟიმი ტერორისტულად ცნონ და უკრაინას აუცილებელი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ. მას შემდეგ, 18 ოქტომბერს, რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა ესტონეთმა. რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არის აღიარებული ლიეტუვისა და ლატვიის მიერ.