ფონიჭალაში 21 წლის მამაკაცმა ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი ბიძაშვილი, 15 წლის გოგონა მოიტაცა. პოლიციამ 4 პირი დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
არასრულწლოვანი რამდენიმე დღის წინ ქორწილიდან გაიტაცეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წარუდგენს.
ცოლად შერთვის მიზნით 16 წლის გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევა 7 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული 39 და 42 წლის მამაკაცები დააკავა. პროკურატურამ ამავე ჯგუფურ დანაშაულზე მესამე პირსაც წაუყენა ბრალი. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ბრალდებულები გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით მოქმედებდნენ და თვლიდნენ რომ ქალს არ ჰქონდა უფლება თვითონ მიეღო გადაწყვეტილება, ვის გაჰყოლოდა ცოლად.
14 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. მათგან ერთ-ერთი 15 წლის გოგონას მამაა, ხოლო მეორე - სრულწლოვანი მამაკაცი, რომელზეც მოზარდს ქორწინებას აიძულებდნენ.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ადრეულ და ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების 171 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გასულ წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს.
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ მიერ შესწავლილი ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების რაოდენობა - 400 ფაქტი - მკვეთრად აღემატება გასულ წლებში შესწავლილი საქმეების რაოდენობას.
ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო, არასრულწლოვნები განათლების მიღებას წყვეტენ. 2022 წელს 47-მა გოგომ და ერთმა ბიჭმა შეწყვიტა განათლება დაოჯახების მიზეზით.
