მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ტელეარხის POS TV-ის წამყვანი და ერთ-ერთი სახე, ბაჩო ოდიშარია კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დაადასტურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ჩავერთვები რეორგანიზაციის საკითხებში, შევისწავლი, როგორ მოქმედებს და ფუნქციონირებს კინოცენტრი, გავერკვევი ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს და ვეცდები ამის გამოსწორებას“, - ამბობს ოდიშარია.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრში, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებაა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დაინიშნა და რეორგანიზაცია დაიწყო.
დირექტორის მოადგილის, ნინო კუხალაშვილის განცხადებით, 11 ივნისს სამინისტროდან დაურეკეს და აცნობეს, რომ 12 ივლისიდან დირექტორის მოადგილის თანამდებობა უქმდება და სამსახურიდან გათავისუფლდება. რეორგანიზაცია დირექტორის პირველ მოადგილეს მაკო ჭილაშვილსაც შეეხო.
„მოადგილეების პოზიციის გაუქმებას სჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც, რა თქმა უნდა, წულუკიანმა განახორციელა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად. მას ამავე დროს უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია“, - დაწერა სოციალურ ქსელში ნინო კუხალაშვილმა, რომელიც კინოცენტრში იურიდიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ნინო კუხალაშვილმა დაამატა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის შესახებ ბრძანება დაუმალეს.
კინოცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო ცდილობს, ამ დრომდე დამოუკიდებელი ორგანიზაცია დაიქვემდებაროს და ერთპიროვნულად განსაზღვროს ინდუსტრიის მიზნები და პროცესები. „აღნიშნული რეორგანიზაცია აღიქმება პირდაპირ მცდელობად, კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ მოექცეს და კინოცენტრის ხელთ არსებული ბერკეტი მიმართოს სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისაკენ“, - ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები, ოპერატორები, პროდიუსერები და კინომცოდნეები უერთდებიან.
კინოცენტრის თანამშრომლები ითხოვენ, რომ დირექტორი კონკურსის გზით დაინიშნოს და არა მინისტრ თეა წულუკიანის ერთპიროვნული ბრძანებით, მანამდე კი, ვიდრე ეს მოხდება, რეორგანიზაციის პროცესი შეწყდეს.
2022 წლის მარტში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაგა ჩხეიძე გათავისუფლდა. ჩხეიძეს კულტურის მინისტრის ბრძანება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
მას შემდეგ, რაც 2021 წლის მარტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე გამოიყო და მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო. სხვადასხვა სამსახურიდან სულ მცირე 70 ადამიანი გათავისუფლდა.
