პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს არ ეხმარება - დანიგანი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორიც პრემიერმა გუშინ გააკეთა, არცერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს“, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერტებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მისი თქმით, ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ახდენენ საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას დასავლეთისგან, ევროპისა და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში.

„ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს ამერიკის შეერტებულ შტატებზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა [„მთავარი არხის“ თარგმანი].

გუშინ, 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა“ უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ახალი სანქციების დაწესებას. ამასთან მან თქვა, რომ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის „ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში“.

„მე არ მჯერა, რომ ბაიდენმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ელჩ დანიგანს უთხრა, რომ „ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“. მან ასევე აღნიშნა, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს“.

16 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო, ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების ორ წარმომადგენელს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ფინანსური სანქციები შეეხოთ მშვიდობიან დემონსტრაციებზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორებს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძესაც. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. სანქცირებულთა სახელები და გვარები არ სახელდება, თუმცა, დეპარტამენტის განცხადებით, მათ შორის არიან მთავრობის და მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ბიზნესის ხელმძღვანელები და პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.

 

ამ თემაზე:

სებ: აშშ-ის სანქციები მოქალაქეებზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ვრცელდება

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).