ზურაბიშვილი გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებებზე: „რისკი ავიღე. არ გამოვიდა“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას მოლაპარაკებების ჩაშლაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეთანხმება არ შედგა, თუმცა ამ პროცესმა მოიტანა ის, რომ სამომავლო აუცილებელი თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი იქნება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„იყო მცდელობა და, მგონი, დროულიც და აუცილებელიც. დიპლომატიის, რაც მთავარია, მოლაპარაკებების ის გამოცდილება, რაც მივიღეთ დაახლოებით 30 წლის მანძილზე, მეუბნებოდა, რომ საზოგადოებისგან არსებობდა დაკვეთა - ყველამ ერთად რაღაც ქენით, მოახერხეთ კონსოლიდაცია. არსებობდა შანსი და საერთოდ, წესია მოლაპარაკებებში, რომ ეს შანსი ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ გაქვს. ამიტომ საჭირო იყო მცდელობა. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არის. უნდა აიღო რაღაც რისკი და რისკი ავიღე. არ გამოვიდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა დღეს, 23 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზებს შორის კომპრომისების ძებნის კულტურის ჩამოუყალიბებლობა და უნდობლობა დაასახელა.

„აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, გითხრათ, ვისი ბრალი იყო, რომ ჩაიშალა. ალბათ ყველასი და ამავე დროს, არავისი. უფრო იყო მოცემულობის ბრალი, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს და მომავლის, რადგან ყოველთვის არის შიში, მე როგორ დავიცვა ჩემი იდენტობა, მომავალი. ეს მოცემულობა ხელშემშლელია და იქნება ალბათ, რადგან არ გამოვსულვართ ამ მოცემულობიდან.

მაგრამ ამ ყველაფერში ორი მთავარი დამნაშავე არის, ერთი მხრივ, პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა, რადგან ჯერ კიდევ არის მიჩნეული, როგორც სისუსტე, თუ დათმობ. რამდენსაც დათმობ და ვინც უფრო დათმობს, ესე იგი, ის უფრო სუსტია. ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს ძნელი დასაძლევია. მეორე დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის, რაც ჩვენ ყველას გვჭამს - უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით. ეს გვეხება ყველას, მეც მეხება, ყველაზე მოქმედებს და ამდენად, ძალიან ძნელია, რომ გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან. ეს გარემო ძალიან აფერხებს ყველანაირ ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, დათმობების, რომლებიც ქმნის საბოლოოდ მოლაპარაკებაზე შედეგს. არ შედგა. არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ.

რაც არ შედგა, ეს ფაქტია, მაგრამ ამ პროცესმა მოიტანა თავისივე შედეგი, ეს უნდა დავინახოთ, თავისივე პოზიტივი, რომელიც არის, რომ, ერთი მხრივ, შეიცვალა ამ პარტიებს შორის განწყობები და ის, რაც გუშინ იყო ძალიან რთული, ნელ-ნელა მოლბა, შეიძლება ითქვას, სამომავლო აუცილებელი თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილია და იქნება.

ანუ, იქმნება ახალი პერსპექტივა, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ მიზანი ერთია. ამ დილით ქარტიაზე ხელმოწერილი იქნა მეოთხე პარტიისგან. ეს არის ის, რაც რეალურად ყველაზე მეტად აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს. ეს არის ცემენტი“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

16 სექტემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს საპარლამენტო არჩევნების წინ გაერთიანებისკენ მოუწოდა. სამდღიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).