საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე თქვა, ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეცემა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს.
კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„აგენტების კანონი“ რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, განსახილველად პარლამენტს უბრუნდება. ვეტოს დაძლევისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობას კი 83 ხმა აქვს. ვეტოს დაძლევის შემდეგ პარლამენტი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას კენჭს ხელახლა უყრის. თუ პრეზიდენტი კანონს ხელს ისევ არ მოაწერს, მაშინ მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე. გამოქვეყნების შემდეგ კანონი ამოქმედებულად ჩაითვლება.
„დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები. (ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ). რაც შეეხება ჩვენს კონსტრუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა! „ნაცების“, მდიდარი ენჯეოების და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ - „არა რუსულ კანონს“ ჩავარდა!“ - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოს.
მანამდე, 15 მაისს, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „რუსულ კანონზე ვეტოს დადებით არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდა „რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში“.
„არავინ იფიქროს, შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენო იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს ეს საკითხი არ დგას. დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს, მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, უკან გაიწვია ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს დააბრუნებდა განსახილველად. თუმცა, ერთი წლის თავზე, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტიამ რუსული კანონი პარლამენტში ხელახლა დააინიცირა და 14 მაისს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მასობრივი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ.
რუსული კანონი „უცხოეთის აგენტებად“ რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ, კრიტიკას ვერ ზღუდავენ. რუსული კანონით აგენტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში დადგენილია ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და სხვა სადამსჯელო ღონისძიებები, რაც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს გააქრობს.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონის საბოლოო ვარიანტში ასევე ჩაწერა, რომ ფიზიკური პირებიც ვალდებულები იქნებიან, იუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია. სამინისტროს კი შეუძლია მოითხოვოს ისეთი მონაცემიც, რომელიც დაკავშირებულია პირის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.