რუსული არაოფიციალური სამხედრო ფორმირება „ვაგნერი“, რომელიც დაქირავებული მებრძოლებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობს, ფრონტის ყველაზე მძიმე ადგილს, ბახმუტს 9 მაისის შემდეგ დატოვებს. როგორც „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, საბრძოლო მასალის არარსებობის პირობებში, „ვაგნერელები“ უაზრო სიკვდილისთვის არიან განწირულნი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
დღეს, 5 მაისს, პრიგოჟინის პრეს-სამსახურმა მისი ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა. პირველი ვიდეო მიწაზე დაყრილი, სავარაუდოდ, დაქირავებული მებრძოლების ცხედრების ფონზეა ჩაწერილი. პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ლანძღავს:
„ეს კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ბიჭები არიან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერ კიდევ ახალია. ახლა კი მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. ის ნაძირლები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მათ ნარჩენებს შეჭამენ. საბრძოლო მასალის 70%-იანი დანაკლისი გვაქვს. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა? ამათ შეხედეთ, ბო*ებო!
ბო*ებო, თქვენ მდიდრულ კლუბებში სხედხართ, თქვენი შვილები სიცოცხლით ტკბებიან, ვიდეოებს იღებენ YouTube-სთვის. ფიქრობთ, რომ ამ ცხოვრების ბატონ-პატრონები ხართ, გგონიათ, რომ გაქვთ უფლება ამათი [„ვაგნერის“ მებრძოლების] სიცოცხლე განკარგოთ. იფიქრეთ იმაზე, რომ ამის უფლება მაშინ გაგაჩნიათ, თუ ჭურვების საწყობები გაქვთ. ელემენტარულია - თუ იძლევით საბრძოლო მასალის ნორმას, დაღუპულთა რაოდენობა ხუთჯერ ნაკლებია. ისინი აქ მოხალისეებად მოვიდნენ და იღუპებიან იმისთვის, რომ თქვენ კაბინეტებში სუქდებოდეთ. ეს გაითვალისწინეთ“.
პრიგოჟინი მეორე ვიდეოში ამბობს, რომ არასაკმარისი შეიარაღების გამო, 10 მაისს, მისი დაჯგუფება ბახმუტს დატოვებს და პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს გადასცემს.
„ერთი თვის წინ შეგვიწყვიტეს საბრძოლო მასალების მოწოდება. 9 მაისისთვის ვაპირებდით დასახლებული პუნქტის - ბახმუტის აღებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამხედრო ბიუროკრატებმა ფაქტობრივად შეგვიწყვიტეს ყველანაირი მიწოდება, იმისთვის, რომ ეს არ გაგვეკეთებინა, ოფიციალურად ვატყობინებ თავდაცვის მინისტრს, უმაღლეს მთავარსარდალს, ჩემი ბიჭები საბრძოლო მასალის გარეშე ბახმუტში უსარგებლო და გაუმართლებელი მსხვერპლის გაღებას არ აპირებენ. ამიტომ, 10 მაისიდან გავდივართ ბახმუტიდან. 45 კილომეტრიდან დაახლოებით 2-ის დაკავებაღა დაგვრჩა, მაგრამ თუ თქვენი შურის გამო არ გსურთ რუსეთისთვის გამარჯვების ჩუქება, ბახმუტის აღება, ეს თქვენი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მასალა პრაქტიკულად გაგვითავდა, 9 მაისამდე ბახმუტში დავრჩებით“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
„ვაგნერის“ მეთაურის თქმით, ბახმუტიდან გამოსვლის შემდეგ, დაელოდებიან, რუსეთს კვლავ როდის დასჭირდება მათი დახმარება.
ევგენი პრიგოჟინი აპრილში უკვე იმუქრებოდა ბახმუტიდან გასვლით. ამერიკული ორგანიზაცია „ომის შემსწვალელი ინსტიტუტის“ მოსაზრებით, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ პრიგოჟინს უკრაინის მხრიდან დაგეგმილი კონტრშეტევის ეშინია.