პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს გამოკითხვაზე იბარებს

ფოტო © პუბლიკა

გენერალური პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იბარებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა განცხადებიდან, რომელიც უწყებამ დღეს, 1-ელ სექტემბერს გაავრცელა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებული არიან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოებები და სისხლის სამარათლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის - ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბინტები, პირბადეები, დამცავი სათვალეები - რა ნივთების შეძენის გამო დააყადაღეს არასამთავრობოები

27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. „საბოტაჟის საქმის“ გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა მათ 2024 წლის პერიოდში საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“, დაჯარიმებული პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდას და მათი დაცვის ხარჯების უზრუნველყოფას ედავება.

„[არასამთავრობო ორგანიზაციების] მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს“, - აცხადებს პროკურატურა.

დაყადაღებულია შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
  • „სამართლიანი არჩევნები“
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
  • „დემოკრატიის მცველები“
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
  • „საფარი“
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

ორგანიზაციების განცხადებით, მათი ანგარიშების დაყადაღება „ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება“. როგორც „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ ჯერ ადგილობრივ დონეზე, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიება თებერვალში, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებილი ორგანიზაციის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მარტში დააყადაღეს „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებიც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.