პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“

გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებაზე გამოძიება დაიწყება. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც ახლახანს გახდა ცნობილი სოციალური ქსელის მეშვეობით. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, ასევე, დამატებითი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სახელმწიფოს საზღვრის კვეთის აკრძალვას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტები.

ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც გვაქვს. ეს საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად დაიწყება გამოძიება, - განაცხადა სადრაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მორიგი სხდომის დაწყებამდე გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ საქართველო დატოვა.

„ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. [...] ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ... იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა“, - წერს ბაჩიაშვილი და აღნიშნავს, რომ ქვეყნიდან წასვლა „არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია“.

ადვოკატ ლევან მახარაშვილის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის გადაწყვეტილება მისთვისაც უცნობი იყო და მასთან კომუნიკაცია პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჰქონდა. როგორც ადვოკატი ამბობს, მან არ იცის რომელ ქვეყანაშია ბაჩიაშვილი, თუმცა, ის თანახმაა, ჩვენება დისტანციურად მისცეს.

ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვს თუ არა პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პატიმრობის შეფარდებას.

გიორგი ბაჩიაშვილს ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. 2023 წლიდან პროკურატურა მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინის მითვისებას ედავება. საქმე დასკვნით ეტაპზეა და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ივანიშვილის ყოფილ ბიზნეს პარტნიორს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რამდენიმე დღის წინ ბაჩიაშვილს ბრალი ე.წ. „მტკვარი ჰესის“ საქმეზეც წარუდგინეს. ამ შემთხვევაში მას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა სწორად არ შეაფასა რისკები, ასევე, არ მიიღო ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც, „მტკვარი ჰესის“ აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონი აშშ დოლარიდან 240 მილიონამდე გაიზარდა. სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ ამით ინვესტორის, ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დაზიანდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.