„სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს“, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრორუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პაპუაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სათანადო რეაგირება იყო და კანონდამრღვევებს პასუხისგებაში მისცემენ.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს ევროკავშირის დროშა თავად აღმართოს, ისევე, როგორც ეს 2021 წლის ივლისში მისმა წინამორბედმა, კახა კუჭავამ გააკეთა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
„ამასთან დაკავშირებით ვნახე რამდენიმე დეპუტატის განცხადება. დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას. რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, არ ვიცი, არასერიოზული მიდგომაა. როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, აი, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული“.
„ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს, 14 მარტს, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს და დაწვეს. როგორც პრორუსული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ განაცხადა, მათი მოთხოვნებია, მთავრობამ პატიმრობიდან გაათავისუფლოს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მათი თანამებრძოლები, დასაჯოს ყველა, ვინც 7-8 მარტის აქციების დროს „გადატრიალებას აორგანიზებდა“ და „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. მარტინენკოს თქმით, ისინი ამ მოთხოვნებს „ბოლომდე გაიტანენ“.
„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა 2021 წლის 6 ივლისს გამართულ აქციაზეც ჩამოხსნეს და დაწვეს, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევიდა და დღეს საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დროშის ან გერბის შებღალვა ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ისჯება ჯარიმით 2000 ლარის ოდენობით ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.
პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა უკვე დააბრუნეს. ის პოლიციელებმა აღმართეს.