შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქციების დარბევის შესახებ ბრძანებებს თავად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გასცემდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„შეიძლება მისგანაც მოდიოდეს ბრძანებები, პირდაპირ“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა საქართველოდან გამგზავრებამდე ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. როგორც ის ამბობს, ივანიშვილის და გდდ-ის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ მჭიდრო კავშირების შესახებ „მანამდეც იცოდა“.
„ეს ინტერვიუ რომ გავიდეს და მე რომ აქ დავრჩე, მეორე დღეს ჩემს სახლში შეიძლება კილოგრამ-ნახევარი კოკაინი ამოიღონ“, - ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი ინტერვიუში, რომელიც სრულად ეთერში 28 დეკემბერს, შაბათს გავა.
ირაკლი შაიშმელაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს თანამდებობის დატოვების თაობაზე პატაკით 3 დეკემბერს მიმართა და მიზეზად „ოჯახური პირობები“ დაასახელა.
„ის, რომ ჩვენი შვილების ტოლა ბავშვებს უმოწყალოდ ქუჩაში სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, ამას ფიზიკურად, ვერც ემოციურად და მორალურად, ვეღარ გავუძელი. [...] ეს ცემა არის მიზანმიმართული. რასაც ჩვენ ვუყურებთ, გადაცდომა არ არის, აქ დანაშაულებია. ბრძანების გარეშე პოლიციელი არ გაინძრევა ადგილიდან“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
ის ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი შვილების მკვლელობით ემუქრებოდნენ.
„მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხეობა უნდა დამეცვა. პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი. [...] ვიცი ესენი რაზე არიან წამსვლელები და რა შეიძლება იკადრონ“, - თქვა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა „ტვ პირველთან“.
ირაკლი შაიშმელაშვილი მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო მან სოციალურ ქსელ Facebook-ში 26 დეკემბერს გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, აშშ-ის საელჩოსა და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვილაძეს.
გიორგი ჩიკვილაძის ინფორმაციით, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ მუქარები პატაკის დაწერის დღიდანვე დაიწყო - „საუბარი იყო მისი არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხოების ხელყოფაზე“ და იყო მცდელობა მის წინააღმდეგ საქმე აღეძრათ. „დღეს ირაკლი არის უსაფრთხოდ აშშ-ში“, - უთხრა ბიზნესმენმა ტელეკომპანია „ფორმულას“.
თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი აქციები არაერთხელ დაარბია წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. სპეცრაზმის წევრებმა და ნიღბიანმა პირებმა სასტიკად სცემეს ასობით მოქალაქეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც. აქციების ფარგკებში 400-ზე ადამიანია დაკავებული, აქედან 30-ზე მეტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.