რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები მოიწონა და დასავლეთი გააკრიტიკა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, არის მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგება, რომ ქართველ ხალხს აქვს იგივე მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც გაფერმკრთალდება, წაიშლება და შეიცვლება „წესებით“, რომელსაც დასავლეთი ყველას ახვევს თავს, უპირველეს ყოვლისა, ლიბერალური დემოკრატიის, თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ აწყობთ. ისევე, როგორც არ აწყობთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავს მოხვევა. [...]
ქართული „მაგალითი“ ძალიან საილუსტრაციოა. სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აცნობიერებს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ეს „ძაბრი“, რომელშიც დასავლეთი მათ „ისრუტავს“, ეწინააღმდეგება მათი ფესვებს, ტრადიციებს და წინაპრებს. დასავლეთს სურს სწორედ ამ ტრადიციების განადგურება, დავიწყება და შეცვლა საკუთარი, არატრადიციული ღირებულებებით, რომელთა დახმარებითაც მას ჰეგემონიის შენარჩუნების იმედი აქვს. [...~]
და ქართველი ხალხი, რომელსაც მე კარგად ვიცნობ და ვაფასებ სიცოცხლისადმი მათ სიყვარულს (საქართველო საბჭოთა კავშირის - ჩვენი საერთო სამშობლოს დროს იყო ერთ-ერთი წამყვანი კულტურული ცენტრი), გულდასმით იცავს მის ისტორიას. ვფიქრობ, ამისთვის დაიმსახურა მან დასავლეთის საყვედურები“, - განაცხადა ლავროვმა.
იმავე ინტერვიუში რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რუსულ კანონზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. მან ჟურნალისტს შეუსწორა, რომ „ქართულ კანონს ეწოდება არა „უცხოეთის აგენტების“, არამედ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი“. „პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ, არანაირ სტატუსს არ მიანიჭებენ. ამის ნაცვლად მათ მოსთხოვენ კანონის შესაბამისად აჩვენონ ის ფინანსები, რომლებსაც საზღვრებს გარედან იღებენ“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
რუსული კანონის შემდეგ, „ქართული ოცნება“ აპირებს მიიღოს ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვა და ცენზურის შემოღებაა გათვალისწინებული. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს. მმართველ პარტიას ინიცირებული აქვს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტიც, რომლის მისაღებად საჭირო კონსტიტუციური უმრავლესობა (113 დეპუტატი) ამ მოწვევის პარლამენტში არ აქვს. ვენეციის კომისიის შეფასებით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში ხელისუფლება შექმნის სტიგმისა და ცრურწმენების გაძლიერების, ჰომოფობიის წახალისების რისკს, რაც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან.