პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღეს „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვა და ცენზურის შემოღებაა გათვალისწინებული. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის 78 საპარლამენტო უმრავლესობის („ქართული ოცნება“/„ხალხის ძალა“) წევრია, ხოლო 3 - „ევროპელი სოციალისტების“. ცვლილებების განხილვაში ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩი“ მონაწილეობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებებით იკრძალება საბავშვო ბაღების, სკოლების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
კანონპროექტზე მომხსენებელმა დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ თუ სკოლაში დღეს არსებობს ისეთი სასწავლო მასალა, რომელიც კანონთან წინააღმდეგობაში მოდის და „პოპულარიზაციის რეგულაციის სფეროს განეკუთვნება“, განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს ზომები „ასეთი ლიტერატურის იქ არყოფნასთან დაკავშირებით“.
ცვლილებების მიხედვით, დაუშევებელია ასეთი ინფორმაციის გავრცელება ტელევიზიითაც. „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ თენგიზ შარმანაშვილს კანონის აღსრულების გზებზე დაუსვა შეკითხვა: „მაგალითად, ირანში არის პრაქტიკა, როდესაც სექსუალურ სცენებს ამოჭრიან ხოლმე ფილმიდან, შავ კუბიკებს ადებენ ხოლმე ცენზურად. მგონი, კანონი ასევე უნდა მიუთითებდეს ტელევიზიების მფლობელებს, როგორ აიცილონ თავიდან ამ თქვენი კანონის დარღვევა. აქ მსგავსი ვერაფერი წავიკითხე. როგორც აიცილოს თავიდან ტელევიზიამ, რომ არ დაარღვიოს ეს კანონი და ეთერში არ გაეპაროს ისეთი სექსუალური ხასიათის კონტენტი, რომელიც ამ კანონით გინდათ აკრძალოთ?“, - იკითხა დეპუტატმა.
„თუ თქვენ ვერ განჭვრეტდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგალითად, პირდაპირ ეთერში ვართ ჩართული და უცებ პოპულარიზაციის მსგავსი პოსტულატებით საუბარი დავიწყე, ტელევიზია ამაზე პასუხს არ აგებს და არანაირი პრობლემა არ შეექმნება, რადგან მას ეს არ დაუგეგმავს, მისთვის ცნობილი არ იყო, რას მოიმოქმედებდა ესა თუ ის პირი. მეორე - არსებობს მეთოდოლოგია ინტიმური ურთიერთობის სცენის ან ამოჭრის, ან კიდევ შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მისი დამუშავების. აქ და შემდგომ მუხლებშიც საუბარია ინტიმურ სცენებზე... კანონმდებელმა თქვა, რომ ისეთი ინტიმური სცენები, რომლებიც სხვადასხვა სქესის ურთიერთობას ასახავს, იქნება ან ამოჭერილი ან რეტუშირებული, თუ რაც ჰქვია ტექნიკურად, ისე გაკეთებული“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
„გირჩის“ კიდევ ერთი დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეკითხვაზე, კონკრეტულად რა იგულისხმება ოჯახურ ღირებულებებში და რა არის ის საფრთხეები, რომლისგანაც არასრულწლოვანები უნდა დაიცვან, თენგიზ შარამაშვილმა უპასუხა:
„კონსტიტუციაშიც განმარტებულია, რა არის ოჯახი. ეს არის ქალისა და კაცის ერთობა ოჯახის შექმნის მიზნით. ეს არის მთავარი ღირებულება, საქართველოს კონსტიტუციისთვის ოჯახს რა წარმოადგენს და რას ეძახის ოჯახს. ყველაფერი, რაც ამ განმარტების მიღმაა და ამ განმარტების აღსრულებას შეუშლიდა ხელს, ამ კანონშია თავმოყრილი და კონსტიტუციური ჩანაწერის დაცვას ემსახურება. რაც შეეხება არასრულწლოვანთა დაცვას - კანონში არ იკითხებაო. იმდენ მუხლს მოგიტანთ, სადაც პროპაგანდისგან არასრულწლოვანთა დაცვაზე არის საუბარი. მაგალითად, კინოთეატრში, რომელშიც გადის ისეთი ტიპის ფილმი, სადაც ერთნაირსქესიანთა ინტიმური ურთიერთობებია აღწერილი, იქ არასრულწლოვანს არ შეუშვებენ. ეს არის ამ კანონში“.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ასევე დაუშვებელი იქნება ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, ხოლო ისეთ კავშირს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებულია ან/და აღიარებულია როგორც ქორწინება, საქართველოში იურიდიული ძალა არ ექნება.
დაუშვებელი იქნება იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. „გირჩის“ ერთ-ერთი შენიშვნა სწორედ ამ დებულებას უკავშირდება.
„ასეთი ადამიანები ნებისმიერ საზოგადოებაში ბუნებრივი პროცენტული შემადგენლობით ყოველთვის არსებობდნენ. მათ ვეუბნებით, რომ თქვენნაირ ადამიანებს, იდეაში, შვილის აღზრდის უფლება არ აქვთ. რას ვეუბნებით დღევანდელი საქართველოს მოქალაქეებს, 3-დან 7%-მდე, რომელიც ვიცით, რომ არსებობს, რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ, ლგბტ აქტივიზმში მიიღონ მონაწილეობა, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებსაც ასეთი ცხოვრების წესი აქვთ - შვილებიც ჰყავთ, ოჯახებიც ჰყავთ?! მათთვის ხომ შეურაცხმყოფელია სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება?! მე უბრალოდ არ მსმენია, თუდაც რელიგიურად, რაიმე მორალის თვალსაზრისით, ადამიანს ეკრძალებოდეს ბავშვის აღზრდა, მიუხედავად მისი ორიენტაციისა“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებით აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვისთვის ჩატარება და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
ასევე, აიკრძალება შეკრება და მანიფესტაციები, თუ ის მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. პოლიციას ექნება უფლება, შეკრებილებს დაშლა მოსთხოვოს. თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის განმავლობაში შეკრება/მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად გამოიყენებს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.
ცვლილებები ეხება შრომით ურთიერთობებსაც. კერძოდ, ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის გარდა, „ქართულ ოცნებას“ ინიცირებული აქვს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მისაღებად საჭირო კონსტიტუციური უმრავლესობა (113 დეპუტატი) მეათე მოწვევის პარლამენტში არ გააჩნია. ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო კანონის პროექტის მიღებით ხელისუფლება შექმნის სტიგმისა და ცრურწმენების გაძლიერების, ჰომოფობიის წახალისების რისკს, რაც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან.