ვენეციის კომისია პარლამენტს ურჩევს, არ გააგრძელოს ანტი-ლგბტ კანონმდებლობაზე მუშაობა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს მიმართავს რეკომენდაციით, სრულად გადახედოს და არ გააგრძელოს იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებებს ზღუდავს და ცენზურის დაწესებას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საუბარია „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ინიცირებულ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონის პროექტზე. ვენეციის კომისიის შეფასებით, მხოლოდ მისი მიღების წინადადება ქმნის საქართველოში ლგბტი ადამიანების მიმართ მტრული და მასტიგმატიზებელი გარემოს გაღვივების საფრთხეს.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი შეიცავს ფართო და არაზუსტ ფორმულირებებს. მაგალითად, მე-6 მუხლში, ტერმინი „შეკრება“ მოიცავს ყველა სახის შეკრებას, მიუხედავად იმისა, იმართება ის საჯარო სფეროში, ნახევრად საჯარო სფეროში (როგორიცაა სავაჭრო ცენტრები ან რკინიგზის სადგურები) თუ კერძო შენობებში. ასევე, არ არის დაკონკრეტებული შეკრების ზომა და ის შესაძლოა მოიცავდეს როგორც ორი ადამიანის შეხვედრას, ისე რამდენიმე ათასის. იმ ნაწილში კი, სადაც საუბარია „პოპულარიზაციაზე“, არც თავად კანონისპროექტი და არც განმარტებითი ბარათი არ შეიცავს ამ ტერმინის ზუსტ განმარტებას.

„ამ სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება გაიგივდეს ტერმინთან „ხელშეწყობა“, რომელიც უკვე იყენებს ე.წ. „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ სხვა ქვეყნების (რუსეთი, უნგრეთი, უკრაინა, მოლდოვაა) კანონმდებლობა. გაურკვეველია, ეს ტერმინი უნდა იქნას განმარტებული შემზღუდველად, თუ მოიცავს ნებისმიერ ინფორმაციას ან მოსაზრებას ერთსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობების სასარგებლოდ“, - წერია დასკვნაში.

კანონპროექტის გაცხადებული ლეგიტიმური მიზანი ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა. ვენეციის კომისიის შეფასებით, კანონპროექტი და მისი განმარტებითი ბარათი ვერ განმარტავს, როგორ მოემსახურება მოცემული აკრძალვები ამ მიზანის მიღწევას.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კანონის პროექტის მიღებით ხელისუფლება შექმნის სტიგმისა და ცრურწმენების გაძლიერების, ჰომოფობიის წახალისების რისკს, რაც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან.

ვენეციის კომისია მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებაზე, რომ არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება ან სოციოლოგიური მონაცემები იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობის უბრალო ხსენება, ან ღია საჯარო დებატები სექსუალური უმცირესობების სოციალურ სტატუსზე, უარყოფითად იმოქმედებს ბავშვებზე ან „მოწყვლად ზრდასრულებზე“, პირიქით, მხოლოდ სამართლიანი და საჯარო დებატების გზით შეიძლება საზოგადოებამ გადაჭრას ასეთი რთული საკითხები.

ვენეციის კომისიის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონებმა, რომლებიც ითვალისწინებს სანქციებს, ცენზურას ან უკანონოდ აცხადებს სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე საუბარსაც კი, თითქოსდა ბავშვების დაცვის მიზნით, არა მხოლოდ გავლენა იქონია გამოხატვის თავისუფლებაზე, მათი გარდაუვალი მსუსხავი ეფექტის გამო, არამედ მოახდინა ლგბტი ადამიანების სტიგმატიზება მათი ასაკის მიუხედავად და შეზღუდა ბავშვების უფლება, მიიღონ ამომწურავი და ასაკობრივი/განვითარების შესაბამისი ინფორმაცია სექსუალობის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე ჩატარდეს მათი შესაძლო გავლენის შესახებ საფუძვლიანი ანალიზი საზოგადოების ყველა სეგმენტის და განსაკუთრებით სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლების, ასევე შესაბამისი სფეროს (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა და ა.შ.) ექსპერტებისა და პროფესიონალების ჩართულებით.

„ასეთი ანალიზი უნდა იყოს საჯარო და განხორციელდეს იმ დროში, რომელიც ხელს უწყობს ნამდვილ და ობიექტურ კონსულტაციებს, შესაძლებელს გახდის წამოჭრილი საკითხების პატიოსან და მიუკერძოებელ შეფასებას“, - ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო კანონის პროექტი შენარჩუნებული იქნება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია:

  • 1.1 მუხლის მოდიფიკაცია ისე, რომ შესაძლებელი იყოს ერთსქესიანი წყვილების იურიდიული აღიარება.
  • 1.1 მუხლის სიტყვების „გენეტიკურად“ გაუქმება.
  • 1.2 მუხლში სიტყვის „ჰეტეროსექსუალის“ შეცვლა ტერმინით „მარტოხელა“ ან „ფიზიკური პირი“.
  • 1.3 მუხლის ამოღება.
  • 1.4 მუხლის პირველი ფრაზის (გენეტიკური მონაცემების შესაბამისად) წაშლა და საკმარისად დეტალური და ზუსტი კანონის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსგენდერი ადამიანების რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლის სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურებს.
  • 1.5 მუხლის ამოღება ან მისი ხელახალი ფორმულირება არადისკრიმინაციულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  • 1. 6, 1.7 და 1.8 მუხლების ამოღება, ხოლო სისხლის სამართლის კანონმდებლობით ინცესტის ცალკე რეგულირება.

მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ არ აქვს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო 113 ხმა. ამის გამო, მმართველმა პარტიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა და ცვლილებების შეტანას სხვადასხვა კანონში გეგმავს. ამ ეტაპზე, პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით განიხილავს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).