საპარლამენტო უმრავლესობა დღეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დააინიცირებს, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებებს, მათ შორის, შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. შრომის კოდექსში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილება ითვალისწინებს 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის დაწესებას და მის უქმედ გამოცხადებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებენ.
„პაკეტი შედგება ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომლებითაც ცვლილებები შედის სხვადახვა კანონებში - სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.“, - განაცხადა პაპუაშვილმა და მთავარ ცვლილებებზე ისაუბრა:
- „ქორწინების საკითხი - კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი, თუმცა გვესმის სხვადასხვა საუბრები, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნეს შემოღებული საქართველოში. ამიტომ კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელია ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის;
- მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს და აქაც, დაუშვებელი იქნება არასრულწლოვნის შვილად აყვანა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ, ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, როცა საუბარი გვაქვს, მათ შორის, მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შვილად აყვანა;
- მესამე საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას. კერძოდ, აკრძალული იქნება პირისათვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება;
- მეოთხე - სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი. აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება;
- მეხუთე - პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში. დაუშვებელი იქნება სააგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება. კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ;
- მეექვსე - ინფორმაციის გავრცელება. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა;
- მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციების საკითხებს. აქ დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ;
- მერვე საკითხი ეხება შრომით ურთიერთობებს - როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში. ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტიამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტიც დააინიცირა, თუმცა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ ახერხებს. შალვა პაპუაშვილის მიერ დღეს წარმოდგენილი კანონების მისაღებად, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს.
