ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 ორპარტიული „მეგობარი აქტი“ აშშ-ის კონგრესში ხელახლა წარადგინეს
- 6 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
PACE-ს პრეზიდენტმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟურნალისტის პატიმრობაში ყოფნა არასამართლიანია.
„ის დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ - პირადად მე და ასამბლეა - ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ იგი. იმიტომ რომ ეს არის არასამართლიანი, უსამართლო.
რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან.
იმიტომ კი არ [უნდა გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი], რომ მე ამას ვითხოვ, როგორც პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ამავდროულად ეს არის გზა, რომლითაც საქართველოს მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს“, - უთხრა PACE-ს პრეზიდენტმა „რადიო თავისუფლებას“.
თეოდოროს რუსოპულოსი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეახსენებს, რომ წელს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 75 წლის იუბილე აღინიშნება და ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ და ემსახურებიან ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები.
29 იანვარს PACE-მ „ქართული ოცნების“ წევრებისგან შემდგარი ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა მათი უფლებები შეზღუდა. ასამბლეა რიგი პირობების შესრულებას ითხოვს, მათ შორის, „ახალი ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების“ ორგანიზებას და აპრილამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც არალეგიტიმური პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, ასამბლეაში მუშაოების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მე-20 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ინფორმაციით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.
ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ.
დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს ეზოში შეყვანის შემდეგ მზია ამაღლობელს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო (რაც უფრო მსუბუქი მუხლია) და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით. ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.