ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან დემონსტრანტებს მოუწოდა, არ დანებდნენ, ხოლო ხელისუფლებას მიმართა, რუსული კანონი გააუქმოს და „ევროპაში დაბრუნდეს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მაიკლ როთის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია და ჩვენ ყველა ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ჩვენგან მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერაზე მეტს შეგიძლიათ ელოდოთ.
დღეს ერთ-ერთმა აქტივისტმა და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გვკითხა, „ქართული კოშმარის“ ამომრჩევლებს რა უნდა უთხრათო. ჩემი გზავნილი და პასუხი ძალიან მარტივია: გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, „ქართული კოშმარის“ ამომრჩევლებო, მოუსმინეთ თქვენ ახალ თაობას, მოუსმინეთ თქვენს შვილებს, მოუსმინეთ თქვენს და-ძმებს.
ვიცი, რომ თქვენი გული ბრაზითაა სავსე, მაგრამ გთხოვთ, მინდა, მიშელ ობამას სიტყვები ვთქვა: „თუ ისინი ფკსერზე ეშვებიან, ჩვენ ზემოთ ავდივართ“.
არ დაიჯეროთ ეს ტყუილები, ეს შეთქმულების თეორიები. ჩვენ არ ვართ რადიკალები, თქვენ არ ხართ რადიკალები. თქვენ უბრალოდ ევროპაში გავრცელებულ აზრს წარმოადგენთ, რადგან იბრძვით იმისათვის, რასაც ევროპა წარმოადგენს სინამდვილეში - დემოკრატია, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა.
სამწუხაროდ, თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ გვქონია. აქ მხოლოდ იმისათვის არ ვართ, რომ თქვენდამი სოლიდარობა გამოვხატოთ. აქ იმისთვისაც ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და ჩვენი გზავნილი მთავრობისა და მმართველი პარტიისთვის ძალიან ნათელია: შეაჩერეთ ეს კანონი! დაბრუნდით ევროპაში!
ჩვენ აქ სხვადასხვა პარტიას, სხვადასხვა თაობას წარმოვადგენთ, სხვადასხვა გამოცდილება და მრწამსი გვაქვს, მაგრამ ყველანი გაერთიანებულები ვართ როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და მოკავშირეები.
ამიტომ მინდა გთხოვოთ: არ დანებდეთ! გწამდეთ თქვენი აზრების სიძლიერის, რადგან სხვა ამაყი პროევროპელები წარსულში კედლებს ანგრევდნენ, სიძულვილსა და ბრაზს ამარცხებდნენ, რადგან სჯეროდათ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის. თქვენ შთამაგონებელი მისაბაძი მაგალითი ხართ ჩვენთვის, ყველასთვის ევროპაში. გთხოვთ, დარჩით ძლიერები და იყავით ფრთხილად! მადლობა ყველა თქვენგანს, თქვენით ამაყი ვარ“.
13-14 მაისს, პარლამენტში რუსული კანონის საბოლოო მოსმენით განხილვის ფონზე, თბილისში გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავრობის წარმომადგენლებმა მათთან შეხვედრაზე უარი თქვეს. ევროპელი კოლეგეები მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიიღო და ისიც არა პარლამენტში, არამედ „ქართული ოცნების“ ოფისში.
14 მაისს, რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ, მაიკლ როთი, ჟიგიმანტას პავილიონისი, ბოგდან კლიხი, პაველ ფიშერი და სებასტიან ტინკინენი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ამის გამო, პრემიერ-მინისტმა ირაკლი კობახიძემ ისინი გააკრიტიკა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი. „პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ“, - თქვა კობახიძემ.