რუსეთის დუმას პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ დახმარებას სთხოვენ

ტელეკომპანია „სეზონის“ პროპაგანდისტი ნიკოლოზ მჟავანაძე

პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, მამუკა ფიფია რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტს მიმართავს თხოვნით, დაეხმაროს ტელეკომპანია „სეზონს“, რომელიც რუსულ ენაზე მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ერთადერთი ტელეარხია საქართველოში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფიფიამ ამის შესახებ მოსკოვში, საერთაშორისო მედიაფორუმზე - „სიმართლე ნეოფაშიზმის წინააღმდეგ“ - გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა, „არაკეთილსინდისიერი მედიისა და აგრესიული პროპაგანდის საშუალებით“, უკრაინის მოალაქეები შეცდომაში შეყვანეს და იგივეს ცდილობენ საქართველოშიც.

„ისინი ამას ცდილობენ საქართველოში, გულუხვად აფინანსებენ პროდასავლურ მედიას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიასაშუალებებსაც კი ზოგჯერ ლიბერალური დღის წესრიგი აქვთ. ჩვენი პარტია, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, მიმართავს დსთ-ს საქმეთა კომიტეტს, რათა შუამდგომლობა გაუწიოს მედია გიგანტებთან, როგორიცაა „გაზპრომ მედია“ და „ეროვნული მედია ჯგუფი“, რათა ჩვენი პარტიის სატელევიზიო არხ „სოლიდარობას“ და „სეზონს ტვ“-ს მიაწოდონ რელიგიური, სპორტული, გასართობი, საგანმანათლებლო და შემეცნებითი კონტენტი. სხვათა შორის, „სეზონს ტვ“ ერთადერთი სატელევიზიო არხია, რომელსაც რუსულ ენაზე მაუწყებლობის ლიცენზია აქვს“, – განაცხადა ფიფიამ.

მისი თქმით, საქართველო სოციალური და ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზეა, ქვეყანა იცლება და ამ ვითარებაში საქართველოს რუსეთთან მეგობრობის ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენი პარტია, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, მხარს უჭერდა და აგრძელებს რუსეთთან მოკავშირეთა ურთიერთობების და სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის მხარდაჭერას. ამ ალიანსის დადების შემდეგ, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ რუსეთთან სხვა ფორმატები, როგორიცაა 3+3, BRICS, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და ა.შ. ჩვენ გვჯერა 3+3 რეგიონული ფორმატის, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, – აღნიშნა პრორუსმა პოლიტიკოსმა.

 „სეზონი ტვ“ ქართულთან ერთად, რუსულ ენაზე მაუწყებლობის ლიცენზია, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, 2025 წლის მაისში მიენიჭა. ტელეარხი რუსულ პროპაგანდისტულ და ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს, მოსკოვს წარმოაჩენს საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად.

ცოტა ხნის წინ, „სეზონი ტვ“-ის დამფუძნებელი და წამყვანი, ნიკოლოზ მჟავანაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში იმყოფებოდა, სადაც ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურს, დენის პუშილინს შეხვდა.

შპს „სეზონი ტვ“ 2021 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი, ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკია. 17 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კანდელაკი ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაციის საქმეზე დააკავა. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.