რუსეთის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ აშშ საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებს. „თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, - წერს რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები მოხალისეთა დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „გარდაუვალი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება. „თბილისის მეიდანზე“ იგეგმება კენჭისყრის დროს გაყალბების მტკიცებულებების გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა“, - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, მოხდება სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირება პროტესტის ძალით ჩახშობის იძულების მიზნით.
უწყების განცხადებით, „ამავდროულად, ამერიკელები წინასწარ მუშაობენ ხელისუფლების მხრიდან „მოქალაქეების“ წინააღმდეგ ძალის „გადამეტებული“ გამოყენებისთვის „დაუნდობელი“ პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის ვარიანტებზე“.
რუსეთის სპეცსამსახური ირწმუნება, რომ „მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის არჩევნებში შესწევს ძალა, მოსახლეობის დამაჯერებელი მხარდაჭერა მოიპოვოს, ვინაიდან ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, ქართული ოპოზიცია დანაწევრებულია და მათ მიერ შექმნილი კოალიციები არამტკიცე.
ის, რასაც ამერიკელები უფრთხიან, ხელს გაუხსნის მმართველ პარტიას, გააგრძელოს სუვერენული კურსი და უარი თქვას დასავლეთის საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოთხოვნების შესრულებაზე“, - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვა და იქვე ამატებს, რომ ვაშინგტონში მსგავსი სცენარი მიუღებლად მიაჩნიათ, ამიტომ, „ამერიკელები არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში აპირებენ მასშტაბურად გაზარდონ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მაქსიმალურად შეასუსტონ „ქართული ოცნების“ ელექტორალური პოზიციები“.
„არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგესო ამბობდნენ და რევოლუციას აწყობდნენ. ამას რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება რად უნდა?“,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას.
კალაძემ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საჭიროება კიდევ ერთხელ მოიშველია.
„გამჭვირვალობის კანონი“ ამისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას, ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ვინ გეგმავს რევოლუციას საქართველოში, ვინ ებრძვის ეკლესიას, ვინ აფინანსებს რევოლუციურ სცენარს და ა.შ.“ - აღნიშნა კალაძემ.
ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მაისში, სახალხო პროტესტის და უპრეცედენტო საერთაშორისო გამოხმაურების, გაფრთხილების მიუხედავად, მაინც მიიღო რუსული კანონი, რომლის მიზანიც ქვეყანაში დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა და გაქრობაა. რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა დეპაუტატებმა, მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. განმწესრიგებელი სხდომა 29, 30 და 31 აგვისტოს არის ჩანიშნული. მოსარჩელეები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვენ, რომლის საჯარიმო ნაწილიც 2 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
საქართველოში შესაძლო რევოლუციების, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის და „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების“ საფრთხეებზე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან საუბრობს და საზოგადოებას მუდმივად აშინებს არეულობითა და სისხლისღვრით. არცერთი საქმე, რაზედაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, გამოძიებული არ არის. ერთი თვის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისიც თქვა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა. მანამდე ეს ინფორმაცია სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს. აგვისტოში გამართულ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებზე, ივანიშვილი სიტყვით გამოსვლისას, პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ცალკე ტრიბუნასთან დგას და ტყვიაგაუმტარი შუშა იცავს.