უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია. რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი, ნიკოლაევი, ჟიტომირი, ხმელნიცკი, კრივოი-როგი და ხარკოვი დაბომბეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კიევზე დღეს დილით განხორციელებული შეტევისას, წინასწარი ინფორმაციით, 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12 დაიჭრა. უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს თავშესაფრებში დარჩნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, 10 ოქტომბერს, დილიდან რუსულმა ძალებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს, რომლიდანაც 41 უკრაინის ძალებმა ჩამოაგდეს.
„ტერორისტი სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია მასირებულ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს. დილით აგრესორმა 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, - დაწერა ზალუჟნიმ.
ლვოვის მერის ანდრეი სადოვის ინფორმაციით, აფეთქება კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე მოხდა. ელექტროენერგიის გათიშვის გამო, არ მუშაობს თბოელექტროსადგური, რის გამოც მოსახლეობისთვის თბილი წყლის მიწოდება შეწვეტილია. მერის თქმით, სკოლები დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ. სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო სკოლები დაიხურა უკრაინის რამდენიმე ოლქშიც.
ქალაქ ივანო-ფრანკივსკში ტრანსპორტის მოძრაობა გაჩერებულია. მერმა რუსლან მარცინკივმა მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალს, თავშესაფრებში დარჩნენ და სწავლა და მუშაობა დისტანციურ რეჟიმში განაგრძონ. მისი თქმით, უკრაინის ქალაქებზე დარტყმები შესაძლოა „საკმაოდ დიდხანს“ გაგრძელდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე, სარაკეტო დარტყმების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.
„სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღე. 229 დღეა, ცდილობენ ჩვენს განადგურებას და მიწის პირიდან გაქრობას. მთლიანად. ზაპოროჟიეში სახლებში მძინარე ხალხის განადგურებას, დნეპრსა და კიევში სამსახურებში მიმავალი ადამიანების მოკვლას. ძალიან გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებს“.
ზელენსკი კიევის ქუჩაში ჩაწერილ ვიდეოში ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე დარტყმები ირანული „შაჰიდებით“ განახორციელა.
„საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ირანული „შაჰიდების“ ათობით რაკეტა. მათ ორი სამიზნე აქვთ. ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიევის ოლქი და ხმელნიცკის ოლქი, ლვოვი და დნიპრო, ვინიცა, ფრანკივის ოლქი, ზაპორიჟია, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ჟიტომირის ოლქი, კიროვოგრადის რეგიონი, ქვეყნის სამხრეთი. მათ უნდათ პანიკისა და ქაოსის გამოწვევა, უნდათ გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. უიმედოები არიან.
მეორე სამიზნე ხალხია. სპეციალურად შეირჩეს ისეთი დრო, ისეთი სამიზნეები, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ. მაგრამ ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, გვჯერა საკუთარი თავის, ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს დანგრეულს.
ახლა შეიძლება პერიოდულად ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები იყოს, მაგრამ არასოდეს შეფერხდება ჩვენი რწმენა გამარჯვებაში. რატომ ასეთი დარტყმები? მტერს სურს, რომ შეგვაშინოს, ხალხი გაიქცეს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ წინ შეგვიძლია გაქცევა და ამას ვაჩვენებთ კიდეც ბრძოლის ველზე. ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის ქალაქებზე მასობრივი სარაკეტო დარტყმები ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქებიდან ორ დღეში დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფეთქებას, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხიდი კი ნაწილობრივ დაზიანდა, ტერაქტი უწოდა და მის მოწყობაში უკრაინული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. მოგვიანებით უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის პასუხი მხოლოდ „ტერორისტების განადგურება“ უნდა იყოს. მედვედევის თქმით, აფეთქების შემკვეთი და შემსრულებელი უკრაინაა, რომელსაც მან „შეუმდგარი სახელმწიფო“ უწოდა.
„ეს ტერორისტული აქტი და დივერსიაა, რომელიც კიევის კრიმინალურმა რეჟიმმა ჩაიდინა. ეჭვი არ არის და არც ყოფილა. ყველა მოხსენება და დასკვნა გაკეთებულია. რუსეთის პასუხი ამ დანაშაულზე შეიძლება იყოს მხოლოდ ტერორისტების პირდაპირი განადგურება. ისევე, როგორც ეს მსოფლიოშია მიღებული. სწორედ ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები“, - განუცხადა მედვედევმა გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა საპასუხოდ თქვა, რომ ტერორიზმში უკრაინის დადანაშაულება ზედმეტად ცინიკურია რუსეთისთვისაც კი. პოდოლიაკის განცხადებით, „ერთადერთი ტერორისტული სახელმწიფო არსებობს და მთელმა მსოფლიომ იცის, რომელია ის“.