„ბუნებრივია, მსგავსი რამ შემაშფოთებელია და საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მოვლენათა განვითარებას მიჰყვებიან საზოგადოების ინფორმირებულობისთვის. აქ მედიისა და ზოგიერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მნიშვნელობა იკვეთება, რათა დაეხმაროს საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მსგავსი ტრანზაქციების შესახებ. რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მუდმივი შეხსენებაა, რომ რუსეთს არ უნდა ენდოთ“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „საქართველოს ამბებთან“ ინტერვიუში, დავით ხიდაშელისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
უკრაინაში ომი ორი თვის დაწყებული იყო, როცა საქართველოს მთავრობამ უმსხვილესი რუსული კორპორაციის „სისტემის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს დავით ხიდაშელს, რომელიც პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორია, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ, თითქმის 105 ათასი ჰექტარი ტყე ნახევარი საუკუნით გადასცა.
მთავრობა ამ გადაწყვეტილებებს საგანგებოდ მალავდა და ბოლომდე ახლაც არ ასაჯაროვებს. ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ სასამართლოს 9 თვის წინ მიმართეს სარჩელით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალოს საჯარო ინფორმაციის სრულად გაცემა. მოსამართლემ საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაიწყო. სასამართლოშია გასაჩივრებული საქართველოს მთავრობისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ის გადაწყვეტილებებიც, რომლითაც დავით ხიდაშელის კომპანიას შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ ტყეები და იქ სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზია გადაეცა. სალიცენზიო პირობების თანახმად, ხიდაშელმა რეგიონში უნდა დააბრუნოს და გაამრავლოს კეთილშობილი ირემი და კავკასიური დომბა (ევროპული ბიზონი). ტყეებში უნდა მოაწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით. ხიდაშელი ჰექტარში 11 ლარს იხდის (საინვესტიციო ვალდებულებით 58.7 ლარს).
„ქართველების ისტორიული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით ფრთხილად ყოფნის საფუძველია. ისინი ბევრ დაპირებას იძლეოდნენ, მაგრამ ძალიან ცოტა პირობა სრულდებოდა. რუსეთმა არ შეასრულა 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ისევე როგორც არ შეასრულეს მრავალი სხვა დაპირება საუკუნეების განმავლობაში. რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, არის საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ამ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა, საერთაშორისო ფორუმის მეშვეობით“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების“ საქმის მთავარი მოქმედი პირია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პროკურატურამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისინი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა, თითქოს მათ საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეათანხმეს. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, 2021 წლის იანვარში, დავით ხიდაშელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მადლობა გადაუხადა იმ რუკების ჩამოტანისთვის, რომლითაც მან, ივანიშვილის სიტყვებით, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი „დავით გარეჯი შუაზე გაჭრას გადაარჩინა“. „კარტოგრაფების საქმის“ განხილვა სასამართლოში დღემდე გრძელდება.