„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება განცხადება, რომ საქართველოს არსებითი წვლილი შეაქვს რუსეთის მიერ სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადის დაძლევაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რუსეთს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან აქვს, მათ შორის, ჩინეთთან და ინდოეთთან, ხოლო საქართველოს წილი 0.3%-ია.
„აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს არის აცდენილი სინამდვილესთან. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია.
ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას და რა თქმა უნდა, ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკა არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოსთან საზღვარზე მდებარე „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის საშუალებით ევროპის ეკონომიკურ ბლოკადას არღვევს გუშინ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან დავიდოვმა გააკეთა.
„ახლა „ზემო ლარსზე“ ირღვევა ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს“, - თქვა დავიდოვმა.
რუსული მხარის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, მას შემდეგ, რაც „ზემო ლარსზე“ სატვირთო მანქანებისთვის საკონტროლო ზოლების რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, „ზემო ლარსი“ ყოველდღიურად საშუალოდ 1200-მდე სატვირთო მანქანას ატარებს, მაშინ, როცა რეკონსტრუქციამდე ეს რაოდენობა ათასზე ნაკლები იყო. 19 ივნისს, დღე-ღამეში, მებაჟეებმა ორივე მიმართულებით 1322 სატვირთო ავტომობილი გაატარეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და საშუალო დღიურ მონაცემს 15%-ით აღემატება.
„ეს აბსოლუტური რეკორდია არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერი გამშვები პუნქტისთვის. ამას გარდა, 2800-მა მსუბუქმა ავტომობილმა გაიარა და 11 ათასი ფიზიკური პირი, ანუ მოქალაქე, ტურისტი გავატარეთ. როდესაც აქ ყველაფერი დასრულდება, სტაბილურად შევძლებთ ამ რიცხვების შენარჩუნებას“, - აღნიშნა რუსლან დავიდოვმა.
საბაჟო სამსახურის ცნობით, დღეს „ზემო ლარსზე“ მძღოლები არ ფერხდებიან და საზღვრის გადაკვეთა ერთდროულად 12 სატვირთოს შეუძლია. ყოველ წუთში საზღვარს ერთი მსუბუქი მანქანა კვეთს, ხოლო ყოველ ორ წუთში - ერთი სატვირთო. უწყებაში აცხადებენ, რომ „ზემო ლარისის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის - „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ელემენტია. დავიდოვი ფიქრობს, რომ წელს დერეფნის გავლით 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას შეძლებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „ზემო ლარისის“ გამტარუნარიანობის გაუმჯობესებისთვის მადლობა გადაუხადა.