დანიური ფონდი „ფეა თრიიზ“, რომელიც 15 წელია რაჭაში სოციალურ პროექტებს ახორციელებს, ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიურ კლინიკას ვეღარ გახსნის ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების გამო. ფონდის დამაარსებელი მარიანე ბოლსი განმარტავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის სივრცე აღარ დარჩა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„დიდი წუხილით გატყობინებთ, რომ „ფეა თრიიზ“ ფონდის მიერ, ონის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2023 წლის 13 დეკემბერს წარდგენილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა „ფეა თრიიზ“ ფონდის, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ონის საჯარო სკოლის თანამშრომლობას, ამ ეტაპზე უკან უნდა გავიწვიოთ. პროექტის გატანის მიზეზი არის საქართველოს მთავრობის მიერ ახალმიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - წერს მარიანე ბოლსი ონის მერისთვის, სერგო ხიდეშელისთვის გაგზავნილ წერილში.
ის განმარტავს, რომ ახალი კანონი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ორგანიზაციას, რადგან ავალდებულებს დარეგისტრირდეს, როგორც „უცხოური ინტერესების გამტარებელი“.
„ჩვენი ორგანიზაცია, დაარსების დღიდან, ახორციელებს სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მიმართულია რაჭის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებისაკენ. შესაბამისად, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ორგანიზაცია უნდა იყოს უცხოური ინტერესების მატარებელთა რეესტრში.
ახალი კანონის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაგვაკისრონ ჯარიმები და შეგვიქმნან ფინანსური სირთულეები. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ გვრჩება. გარდა ამისა, არ შეგვიძლია დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება და ახალ სოციალურ პროექტებში ინვესტირება, მაშინ როცა ჩვენი მიმდინარე პროექტებიც საფრთხის ქვეშ არის ახლად შემოღებული კანონის გამო.
ჩვენი მრავალგზის მცდელობა, რომ შეხვედროდით რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ გოჩა ენუქიძეს, რათა განგვეხილა აღნიშნული კანონის უარყოფითი გავლენა რაჭის მოსახლეობაზე, უშედეგოდ დასრულდა. ძალიან ვწუხვართ, რომ რაჭაში მცხოვრები ბავშვები პირველ რიგში დაზარალდნენ ამ კანონის გამო“, - წერს მარიანე ბოლსი.
ფონდში იმედოვნებენ, რომ საქართველოში მალე დაბრუნდება არასამთავრობო სექტორის მიმართ კეთილგანწყობილი საკანონმდებლო ბაზა და საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი პროექტების გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ.
ფონდი „ფეა თრიიზ“ რაჭაში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და დაცლილ რეგიონში, 2009 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციამ ევროპული სტანდარტების სტომატოლოგიური კლნიკა 2016 წელს ამბროლაურში გახსნა და 2-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვებსა და მოზარდებს სრულიად უფასოდ ემსახურება. გარდა ამისა, 2021 წლიდან, „ფეა თრიიზ“ აფინანსებს რაჭაში სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. ფონდი პროექტებს გარემოს დაცვის მიმართულებითაც ახორციელებს.
28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ის საბოლოოდ დაამტკიცა. ვეტოს გაუქმებას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, მათ შორის „ქართული ოცნებიდან“ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა, გოჩა ენუქიძემ. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ რუსული კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არ დაემორჩილებიან.