რუსული კანონის მხარდამჭერ აქციამდე ერთი დღით ადრე, რუსთაველის გამზირი ჩაიკეტება. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დღეს, 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალული იქნება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი, გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს – ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.
28 აპრილს, 19:00 საათზე თბილსში რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქციაა დაგეგმილი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უერთდებიან. 150-ზე მეტი არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, კანონის გასაპროტესტებლად კვირას, საღამოს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ. სწორედ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება ევროპული მარში - ფეხით მსვლელობა, რომელიც პარლამენტთან დასრულდება.
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები პარლამენტთან 15 აპრილიდან მიმდინარეობს. ამის საპირისპიროდ, „ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო-სახალხო შეკრება“ დაანონსა. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული კონტრაქცია, რომელში მონაწილეობასაც საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ავალდებულებენ, 20:00 საათზე უნდა დაიწყოს. ორი დღით ადრე, პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობეს და სცენის მონტაჟი დაიწყეს.
29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტი „ქართული ოცნების“ რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს. პლენარულ სესიაზე კანონის მეორე მოსმენით გატანის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.