„მნიშვნელოვანია, 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე, რათა ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ჩვენ ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა. „ქართული ოცნება“ ორშაბათს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო-სახალხო შეკრებას“ მართავს პარლამენტის შენობის წინ, ზუსტად იმავე ადგილზე, სადაც ერთი კვირაა ყოველდღიურად იმართება აქციები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს ხალხი ხელისუფლებაში როცა იყვნენ, გვახსოვს რასაც აკეთებდნენ, საერთოდ ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას, ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუქის“ კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ თავისი აზრი არ გამოთქვან. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება. მათ შორის, ზოგიერთ პარტიაზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის ჩვეულებრივი ზიზღის, დაშინების კამპანია. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ მივცეთ, ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება. როდესაც ჩვენ ვუპირისპირდებით ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი, რომ ყველა რუსთაველზე გამოვიდეთ.
ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას დავანახოთ, რა სურს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის სურვილი გამოიხატება ყველა სიტყვაში. დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს“, - თქვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას ისევე ავალდებულებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს, როგორც აქამდე ავალებდნენ, რომ სოციალურ ქსელებში გაევრცელებინათ მმართველი პარტიის მიერ „რუსული კანონის“ მხარდასაჭერად შექმნილი პროპაგანდისტული მასალები.
facebook-ში გავრცელდა თერჯოლის მერის წარმომადგენლის მამუკა გოგბერაშვილის მიმოწერის ფოტოასლები, რომლის მიხედვითაც, გოგბერაშვილი აქციაზე წასაყვანად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულების მობილიზებას ახდენს.
„ორშაბათს, 29 აპრილს, მივდივართ ყველა თბილისში. გამონაკლისი იქნებიან პატარა ბავშვიანი დედები. დამიდასტურეთ ყველამ. ოჯახიდან ორი რომ ხართ დასაქმებული, თუ გამოუვალი მდგომარეობა იქნება, მითხარით და ერთი აუცილებლად უნდა წამოვიდეს. მეზობლობაში თუ ვინმეს ექნება სურვილი, უთხარით, ამ საღამოს უნდა მქონდეს სრული სია“.
გოგბერაშვილმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ მას ფეისბუკი გაუტეხეს.
მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ თქვა, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე თბილისში 800 კაცის ჩაყვანა დაავალეს.
სურმავას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ესაუბრა როგორც მმართველი პარტიის რეგიონების ოფისების წარმომადგენელი. ჟურნალისტმა საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა, ხომ არ დაუწყიათ სიების მომზადება.
„ხვალ თათბირი უნდა იყოს და მერმა ასე თქვა, რომ გვეტყვიანო და ჯერჯერობით არ დაგვიწყია [სიების გამზადება]... ჯერ თათბირი უნდა ჩავატაროთ, დავიბაროთ სოფლის წარმომადგენლები. რახან ორშაბათი არის, განსასაზღვრია შვებულებები... ჩვენ 800 კაცი დაგვავალეს... წინაზეც, მე მგონი, 800 კაცი წავიყვანეთ, თუ 700, არ მახსოვს... თავისუფლებაზე რომ ვიყავით, ორჯერ თან... არანაირი პრობლემა არ არის, დავორგანიზდებით... ხუთშაბათი-პარასკევს გექნებათ სია სახელების და გვარების და მანქანის ნომრების მიხედვით, მარშუტკებში ვინ, როგორ და რანაირად“, - თქვა სურმავამ.
„დიახ, პარტიული დავალებაა, პირადად ჩემი დავალებაა, ორგანიზება მოხდეს ჩვენი პარტიული დანაყოფების, რომ თუკი ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ მათი ორგანიზებულად თბილისში წამოსვლა.
დაწერს შვებულებას და წამოვა. ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე!“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, სწორედ 29 აპრილს გეგმავს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვას. ამ დღისთვის გეგმავდნენ მობილიზაციას ოპოზიციური პარტიები - „ახალი“, „გირჩი მეტი-თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, რაც განაცხადეს კიდეც 18 აპრილს.
„ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო რუსული კანონი, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს.
ევროკავშირმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, არ მიიღოს კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის მედიის და სამოქალაქო სექტორის თავისუფლებას და არსებობას.