„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, მხარდამჭერების „საყოველთაო-სახალხო შეკრება“ დააანონსა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ შეცდომაში არიან შეყვანილნი ის ადამიანები, რომლებიც რუსულ კანონს რუსთაველის გამზირზე შეკრებით ყოველდღე აპროტესტებენ.
„პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.
ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.
მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას.
პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას. ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება. ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს“, - ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.
17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონპროექტი 83 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო. იმავე დღეს განცხადება გაავრცელეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე. მათი თქმით, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.
„ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და პასუხად, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე“კანონპროექტი კი არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულმისწრაფებას, ის საქართველოს ევროკავშირს აშორებს.
რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკომისიიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 1-ელ და მე-9 რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვითაც, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება უზრუნველყოს და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.
ანალოგიურ კანონპროექტს მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენით გასული წლის მარტშიცდაუჭირა მხარი, მაგრამ ხალხის პროტესტმა აიძულა, მასზე უარი ეთქვა. პარტიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ კანონპროექტს „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვევდნენ, თუმცაერთი წლის შემდეგ, აპრილის დასაწყისში ის კვლავ დააინიცირეს. კანონპროექტის ტექსტი იგივედარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„ქართული ოცნება“ აპირებს, რუსული კანონი პარლამენტის მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს. კანონს ეწინააღმდეგება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ვეტოს გამოიყენებს.