პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. სხდომათა დარბაზში ოპოზიცია არ იყო. მათი ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარემ გააძევა, ნაწილმა კი სასესიო დარბაზი თავისი ნებით დატოვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წევრები კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვდნენ და პროტესტს ხმაურით გამოხატავდნენ. ისმოდა შეძახილები - „არა რუსულ კანონს!“, „მოღალატე!“. შალვა პაპუაშვილმა ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, თინათინ ბოკუჩავას და ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

„ერთი რომ დაეპოსტა ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე, ხომ გაიწვევდით კანონს?! მთელმა საქართველომ დაპოსტა, ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი. ვინ უნდა დაწეროს, ვისი აზრი გინდათ? სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, კულტურის მოღვაწეები, ჩვენი ევროპელი კოლეგები...

თქვენ დგახართ პუტინის, მედვედევის, ლავროვის, პესკოვის მხარეს და აქეთ დგას ცივილიზებული სამყარო. ვეკითხები ხალხს, ევროპა თუ სოზარ სუბარი, ამათ შორისაა არჩევანი გასაკეთებელი. ევროპა თუ მამუკა მდინარაძე, ევროპა თუ ირაკლი კობახიძე, ევროპა თუ ბიძინა ივანიშვილი. ესაა რეალური არჩევანი. თქვენ ჩადიხართ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა სხდომათა დარბაზიდან გამოძევებამდე და მოქალაქეებს მოუწოდა. დღეს 19:00 საათზე, პარლამენტთან აქციაზე შეიკრიბონ.

15 და 16 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ისინი მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დაედევნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ, სცემეს მედიის წარმომადგენლებსაც. აქციის რამდენიმე მონაწილე, მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 აპრილის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 14 მოქალაქე დააკავეს, ხოლო წუხელ - 11.

გუშინვე, განცხადება გაავრცელა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. მისი თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და საქართველოს ევროკავშირს დააშორებს.

აპრილის დასაწყისში „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, მარტში, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი კანონად იქცეს, მას მხარი კიდევ ორ სესიაზე უნდა დაუჭირონ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, მიღების შემთხვევაში კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევა შეუძლია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.