ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირს დაშორდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და პასუხად, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო: უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, მისი გაწევრიანების ტრაექტორიას და საქართველოს ევროკავშირს დააშორებს, არ მიაახლოებს“, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები 17 აპრილს, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების „დაჟინება“, რომ მიიღოს რუსული კანონი „საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, არის პირდაპირი პროვოკაცია - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია.
„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, მარტში, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტი გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ნატომ, გაერომ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდა, თავი შეიკავონ „წარდგენილი სახით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებისგან“. წერილში, რომელიც კომისარმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს 11 აპრილს გაუგზავნა, წერია, რომ ამ კანონის აღსრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს უცხოური დაფინანსების მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია, რაც, შესაბამისად, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მათ საქმიანობას.
12 აპრილს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გამოთქვა იმედი, რომ ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონს საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს და გაითვალისწინებს როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.
16 აპრილს პარლამენტის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო. „ქართული ოცნება“ აპირებს, რუსული კანონი სამივე მოსმენით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.