ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებისგან. ამის შესახებ მაიკლ ო'ფლაერტი წერს 11 აპრილით დათარიღებულ წერილში, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს გაუგზავნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„შეშფოთებული ვარ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან ამ საკანონმდებლო ინიციატივის თავსებადობასთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ მსუსხავი ეფექტის გამო, რომელიც მის მიღებას შეიძლება ჰქონდეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე მუშაობენ“, - წერს ადამიანის უფლებათა კომისარი.
მაიკლ ო'ფლაერტი ციტირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმეზე:
„იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც „საზოგადოების დარაჯებს“, შეეძლოთ შეასრულონ თავიანთი როლი, მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან. ამ წყაროების მრავალფეროვნებამ შეიძლება გააძლიეროს ასეთი დაფინანსების მიმღებთა დამოუკიდებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა კომისარი შალვა პაპუაშვილს მიუთითებს ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაზე. რეკომენდაციის 50-ე მუხლის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავისუფლად უნდა მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება - ფულადი ან მატერიალური შემოწირულებები - არა მხოლოდ თავიანთი სახელმწიფო ორგანოებიდან, არამედ ინსტიტუციური ან ინდივიდუალური დონორებისგან, სხვა სახელმწიფოებიდან ან მრავალმხრივი უწყებებისგან. ისინი უნდა ექვემდებარებოდნენ მხოლოდ იმ კანონებს, რომლებიც ზოგადად გამოიყენება საბაჟო, სავალუტო გაცვლის და ფულის გათეთრების მიმართ, ასევე, არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელ კანონებს.
„თუ მიღებული იქნება, ამ კანონის აღსრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს უცხოური დაფინანსების მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების, მათი საქმიანობის სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია, მათ შორის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თვალში, რაც, შესაბამისად, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მათ საქმიანობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პატივისცემით ვთხოვ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ წარდგენილი სახით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებისგან და ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან იმაზე, თუ როგორ იქნეს უზრუნველყოფილი ქვეყანაში არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების ლეგიტიმური მუშაობისთვის ხელსაყრელი გარემო“, - ნათქვამია წერილში.
15 აპრილს, საერთაშორისო კრიტიკისა და თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობამ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, კანონპროექტს პირველი მოსმენით დღეს მიიღებს.