USAID-ის ხელმძღვანელი: „უცხოეთის აგენტების“ მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებით, ე.წ. „უცხოეთის აგენტბის“ მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ამერიკის ხმის ინფორმაციით, სამანტა პაუერმა ეს განცხადება სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, მას შემდეგ, რაც სენატორმა ჯინ შაჰინმა ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონს, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს.

„ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მისი შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანს, თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად, უცხოეთის აგენტების მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არა მხოლოდ აღიარებული, არამედ ასევე დაცულიც“, - თქვა  პაუერმა.

USAID-ის ხელმძღვანელი რუსულ კანონს შარშანაც აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ის სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.

„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა,ნატომ, გაერომ, ევროკავშირმა, ევროკავშირის წევრი 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა და ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა. აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი არ არის ამერიკული FARA-ს მსგავსი.

მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.