„დიახ, გაგვაკრიტიკეს. ასევე ჩვენ შარშან გვაკრიტიკებდნენ სხვადახვა თემაზე და ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ამ კრიტიკის ფონზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვის დროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ჩვენთვის ცოტა გვიან მოვიდა ეს სამართალი, მაგრამ ჩვენ ყველა კრიტერიუმი დავაკმაყოფილეთ და შესაბამისად, მივიღეთ სტატუსი. ჩვენ ვმოქმედებთ და ვიღებთ შედეგს. ახლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, როგორც არ უნდა შევაფასოთ, გვაკრიტიკებდნენ, კი ბატონო, მაგრამ ჩვენს მეგობრებთან საერთო ენას საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ვნახულობთ“, - განაგრძო მდინარაძემ.
„ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის ლიდერს მიმართა და უთხრა, რომ კანდიდატის სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებდა, ხალხის პროტესტის შედეგად „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი უკან რომ არ წაეღო.
„რომ მიგეღოთ ეგ კანონი, არავინ გასცემდა ამ ქვეყანაზე კანდიდატის სტატუსს. მეორეჯერ რისთვის შემოგაქვთ? აუხსენით ხალხს, დემაგოგიაში რომ ხართ ჩართული. ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას როგორ აპირებთ, ამ კანონს თუ მიიღებთ? ამ კითხვას გაეცით პასუხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„როგორც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ზუსტად ისე - ბრძოლით, დისკუსიით. ეგ თქვენი ტყუილი ნარატივია.
ჩვენ არ ვართ იმის გამკეთებლები, რომ ევროკავშირის გზაზე რაიმე პრობლემაც კი შევქმნათ. გვწამს, რომ ჩვენი ხისტი დამოკიდებულებით, მკაფიო, თავისუფალი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით უფრო მეტად დაგვაფასებენ, უფრო სწორად შეაფასებენ და მართლა ცალ ფეხზე დგომით არ უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი. ორ ფეხზე მყარად უნდა დავდგეთ და ისინი, ჩვენი მეგობრები უფრო სწორად დაინახავენ ამ ყველაფერს. თქვენ გგონიათ, რომ მეგობრებს მონური მორჩილებით უნდა ელაპარაკოთ და ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს“, - იყო მამუკა მდინარაძის პასუხი.
მდინარაძის თქმით, საქართველოში ასეთი კანონმდებლობის მიღება, არცერთ ქვეყანას არ აწყობს, რადგან ყველას აქვს ინტერესი ჰყავდეს წარმომადგენლები თავისი მიზნების განსახორციელებლად.
„იმიტომ არის ასეთი ამბავი ატეხილი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა და აპირებს მიმდინარე სესიის დასრულებამდე მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
12 აპრილს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გამოთქვა იმედი, რომ ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონს საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს და გაითვალისწინებს როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. მანამდე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა ევროკომისიის 1-ელი და მე-9 რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.
საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, დღეს, 15 აპრილს, მმართველმა პარტიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვა დაიწყო.