გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელახლა წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ის კიდევ ერთხელ აღარ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან იყო.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო, პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, - აღნიშნა შოლცმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია და მსგავს კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი.
„ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ფინანსების ყოველწლიურად გასაჯაროება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება, რატომ არ უნდა იქნას დაცული გამჭვირვალობის პრინციპი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მას შემდეგ, რაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, გადავწვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს. ჩვენ სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.
არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ და ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს, 2020 წლის შემდეგ იყო ორი შემთხვევა, ხელისუფლება შეეცვალათ არა დემოკრატიული არჩევნებით, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. მათი დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის, არალეგალური გზებითაც, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებულნი, გამოაქვეყნონ აღნიშნული ანგარიშები და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი „ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის“ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ამ საკითხზე ოლაფ შოლცს შეკითხვა პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟუნალისტმა, ქეთევან ქარდავამ დაუსვა. ის დაინტერესდა, რატომ არიან შეშფოთებული საქართველოს ევროპელი პარტნიორები, „თუკი იგივე ან მსგავსი რეგულაციები ევროპასა და შეერთებულ შტატებში მოქმედებს“.
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფციაა, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შეკითხვას, როგორ ხსნის იმას, რომ ევროპელი პარტნიორებისგან სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მზად არის ევროპელ, ამერიკელ, თუ ადგილობრივ ქართველ პარტნიორებთან დისკუსიისთვის.
„ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. ეს კანონი ძალიან მოკლეა. ვერავინ იტყვის, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუკი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის“.
კობახიძის თქმით, შარშან კანონპროექტის განხილვისას „შესაბამისი დისკუსია“ არ გამართულა.
გუშინ, 11 აპრილს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა წარდგენილი კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და ის არც ევროპულია, არც ამერიკული. პაველ ჰერჩინსკიმ ისიც აღნიშნა, რომ „არსებობს სხვა გზებიც გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“.