უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, ეს ერთადერთი გზაა მისი სიცოცხლის გადასარჩენად“. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ზელენკიმ 14 აპრილს, ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
„მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაღაც პირად, არამედ მთლიანად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც სუფთა და სოლიდური სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. თუ ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუ ამაზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე, მაშინ ეს ნაბიჯია საჭირო.
ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს გადაუდებელი თხოვნით, უზრუნველყოფილი იქნას მისი სათანადო მკურნალობა. როგორც ჩანს, ეს ერთადერთი გზაა მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს გასულ კვირაში მიმართეს. როგორც ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლით დაცული უფლებების შელახვის ფაქტის დადგენა და ღონისძიებების მიღება. „გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ევროსასამართლოს დავანახოთ მდგომარეობა, რაც დღესდღეობით მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაა შექმნილი - ერთის მხრივ ის, რომ ის არის პოლიტიკური ტყვე, მეორეს მხრივ, მნიშვნელობა არ აქვს, რა საფუძველზეა თავისუფლება აღკვეთილი, ფაქტია, რომ სახელმწიფო მას ნელ-ნელა კლავს და თუ ძალიან სწრაფად არ განხორციელდა რაიმე ტიპის ჩარევა, შესაძლებელია მივიღოთ შედეგი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება“, - თქვა ადვოკატმა.
მანამდე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მეთერთმეტე თვეა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, მას გამოხატული აქვს მძიმე სარკოპენია (კუნთების განლევა), წონაში კლება და წნევის კრიტიკული ვარდნა. უახლეს დასკვნაში აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად პაციენტი საწოლზე მიჯაჭვული გახდება. ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სჭირდება ძალიან სერიოზული ჩარევები იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.